No description available.საქართველოს ბორჯღალოსნებმა შემოდგომის სანაკრებო სეზონი ურუგვაის კარგ ნაკრებთან საშინაო მატჩით დაიწყეს და დამაჯერებელ გამარჯვებასაც მიაღწიეს.

მოულოდნელად ვერშევსებულმა „დინამო არენამ“ გაიხარა, მაყურებელი კარგი სეირის მოწმე გახდა და სარაგბო  დღესასწაულიც შედგა. ზოგადად, ქვეყნის უდიდესი სტადიონი საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მატჩებზე მაქსიმალურად ივსება ხოლმე და ძირითადად ეს გაზაფხულზე ხდება, როცა ბორჯღალოსნები „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის დასკვნით საშინაო მატჩს მართავენ. მეტოქეც, როგორც წესი, ან რუმინეთია, ან რუსეთი. ვინაიდან ორივე ძალიან პრინციპული მეტოქეა, განსაკუთრებით კი მეორე, არენა პირთამდე ივსება. რამდენიმე წლის წინ ასე მოხდა შოტლანდიელების ჩამოსვლისას და ზოგადად, როცა კარგი თამაშია, 55-ათასიან „დინამოზე“ ანშლაგი ფიქსირდება ხოლმე. ეტყობა, ურუგვაულ ძალას ქართველებში ავტორიტეტი ჯერ ვერ მოუპოვებია, თორემ ტრიბუნებზე ტევა არ იქნებოდა.

არადა, ფაქტია, რომ ურუგვაის რაგბი აღმავლობას განიცდის – ნაკრებმა ამერიკის ზონაში პირველი ადგილი დაიკავა და 2023 წლის მსოფლიო თასზეც გზა გაიკვალა, ხოლო იმ რეგიონის ლიდერ (ბობოლა არგენტინას თუ არ ჩავთვლით) აშშ-ის ნაკრებს სანუგეშო ტურნირში მონაწილეობა უწევს…

მოკლედ, ურუგვაელი „პრანწიები“ (ესაა იქაური ფრინველის ქართული სახელწოდება და ურუგვაის ნაკრები სწორედ ამ თიკუნს ატარებს) ხელწამოსაკრავები რომ არ არიან, ეს ყველამ ნათლად იხილა. საქართველომ საკმაოდ სოლიდური უპირატესობით – 34:18 კი მოიგო, მაგრამ იყო ეპიზოდები, როცა ეს „პრანწიები“ ბორჯღალოსანთა ნაქებ შერკინებასაც ჩაგრავდნენ, ჯიქურ უტევდნენ და ხაზიც არაერთხელ გაჭრეს.

No description available.საბედნიეროდ, სამხრეთამერიკელებმა სამი ლელოს მეტი ვერ დაგვიდეს. განსაკუთრებით რთული 10 წუთის გადატანა მეორე ტაიმში მოგვიხდა, როცა თედო აბჟანდაძე ბურთის ჩაჭრისთვის გაასინბინეს.

მაგრამ ბორჯღალოსნები მაინც აღემატებოდნენ ურუგვაის მართლაც კარგ გუნდს. ჯერ ერთი, დაცვაში ქართველებმა საოცარი თავგანწირვით ითამაშეს, ყველა მათი ბოჭვა საკმაოდ ეფექტური იყო და პოზიციურადაც გააზრებულად მოქმედებდნენ.

ყველამ კარგი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ერთი კაცი მაინც გამოირჩა – ფრანგული „პოს“ კაპიტანმა და საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ბექა გორგაძემ სამი ლელო გაიტანა, თან სამივე – შესანიშნავი!

„ბექსონას“ შეჩერება ზოგადადაც რთულია, მაგრამ თუ მას თამაში მისდის, მისი საოცარი ფიზიკური ძალის, მოქნილობისა და ინტელექტის წინააღმდეგ ნებისმიერი მეტოქე უძლური ხდება. თანაც გორგაძემ 6 ნომერზე ითამაშა და არა ჩვეულ 8-ზე, თუმცა ბექა კლუბშიც ამ ამპლუაში გამოდის და ძალიან წარმატებულ სეზონსაც ატარებს.

ჰოდა, 26 წლის მესამეხაზელმა კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა, რომელმაც მას 37-ე სანაკრებო კეპი მოუტანა, ხოლო სანაკრებო ლელოების რიცხვი 11-ს გაუტოლდა.

ბექა გორგაძემ ჰეთ-თრიქი პირველ ტაიმში შეასრულა, თედო აბჟანდაძემ სამივე უნაკლოდ გარდასახა და დებიუტში პირადი სამატჩო ანგარიში ზუსტად დარტყმული ჯარიმით გახსნა.

No description available.თედომ მეორე ტაიმში კიდევ თითო ჯარიმა-გარდასახვა მიითვალა, ყოველივემ ჯამში 14 ქულა შეადგინა, ხოლო მისი პირადი სანაკრებო სტატისტიკა ამიერიდან 36 მატჩსა და 293 ქულას მოიცავს. იმედია, 12-ში, იმავე „დინამოზე“ თედო 300-ქულიან ნიშნულსაც დალაშქრავს.

ჰო, გურამ პაპიძის ლელოზეც აუცილებლად უნდა ითქვას – 25 წლის ბურჯი ნაკრებში მხოლოდ მე-3 მატჩს ატარებდა და ამ მესამე მატჩის მეორე ტაიმის დებიუტში რაქიდან ბურთი აიტაცა და მარტორქასავით ეკვეთა მეტოქეებს. სამი „პრანწია“ გურამს მხრებზე კი ჩამოეკიდა, მაგრამ ქართველმა სამივე ლელოში შეათრია და ბურთიანად დაამიწა! პაპიძე გორგაძესთან ერთად „პოში“ თამაშობს, ანუ  ურუგვაის ოთხივე ლელო ბასკური კლუბის ქართველებმა დაუდეს.

უელსის ნაკრებთან კარდიფის მატჩისთვის (19 ნოემბერს) მეორე რეპეტიცია იგივე ადგილას („დინამო არენაზე“) იგივე დროს (18:00-ზე) უახლოეს შაბათს – 12 ნოემბერს შედგება. მეტოქე – სამოას ნაკრები, რომელმაც იტალიაში მოულოდნელად დიდი ანგარიში წააგო – 17:49.