სერია A-ს ლიდერმა „ნაპოლიმ” მდევარ „ატალანტას” ბერგამოში 2:1 მოუგო. ახლა, იტალიის ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს მსოფლიოს ჩემპიონატამდე ორი ტურიღა დარჩათ ჩასატარებელი. მერე იანვრამდე „ისვენებენ”. ლუჩანო სპალეტის გუნდმა შაბათს გამარჯვება ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე შეძლო. ქვემოთ გთავაზობთ შეფასებებს, რომლებიც Calcionapoli1926-მა „აძურის” მოთამაშეებს დაუწერა.

მერეტი 7 — პირველი ტაიმის ორიოდ ეპიზოდში მეტოქის კომბინაციას სწორად აუღო ალღო. მის წინ გუნდი 11 კაცით კარგად იცავდა თავს. შესვენების შემდეგ მალინოვსკის მიერ მარცხენა ფეხით დარტყმულსაც კარგად გაართვა თავი. თავდაჯერებული იყო სხვა ეპიზოდებში. ერთხელ გამოსვლაზე დაიბნა, რის გამოც კიმმა უსაყვედურა. ჯამში, კარგად ითამაშა. იმ კრიტიკას, რომელსაც ტრადიციულად უსმენს, არ იმსახურებს.

დი ლორენცო 6 — პირველ ტაიმში ლუკმანის წინააღმდეგ თამაშს კარგად ვერ ართმევდა თავს. ლუკმანთან წინააღმდეგობამ ის დააყენა ტაქტიკური პრობლემის წინაშე: გადევნებოდა მას, როდესაც ის ფრთაზე გადადიოდა თუ მაელეზე გადართულიყო. თუმცა, შეტევაში დი ლორენცო როგორც ყოველთვის ყოჩარობდა და არც მთლად საუკეთესო საღამოსაც კი საუკეთესო გადაწყვეტილებებს იღებდა. შესვენების შემდეგ დი ლორენცომ დაცვაშიც უშეცდომოდ ითამაშა.

კიმი 7 — ამ მცველმა არ იცის რას ნიშნავს ყოყმანი. ის დროულად მიდიოდა მეტოქისთვის ბურთის წასართმევად და გონივრულ გადაწყვეტილებებს იღებდა. კიმი დროულად აზღვევდა და დროულად შედიოდა ორთაბრძოლაში. პირველ ტაიმში ლუკმანი ერთი-ორჯერ ზურგსუკან გაეპარა, მაგრამ თავადვე გამოასწორა მდგომარეობა.

ჟუან ჟუსუსი 6.5 — რთული ამოცანის წინაშე იდგა, ჰოილუნდს უნდა გამკლავებოდა და თან ჰატებორის რეიდები ეკონტროლებინა, თუმცა ჯამში საქმეს თავი გაართვა. კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ბურთის ფლობის ნაწილში ტყუილად არ ენდობიან.

ილივერა 7 — „ნაპოლის” ფეხბურთელთაგან პირველ ტაიმში ის იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და თამაშის ბოლოს ყველაზე ნაკლებად დაღლილიც. კარგ ფორმაშია: თამამად თამაშობს როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. პოზიციურ თამაშში დიდი პროგრესი აქვს. ერთ ეპიზოდში ჰატებორის დარტყმულს მთელი ტანით გადაეღობა. ძლიერად ითამაშა დინამიკაში, კარგად ერთვებოდა შეტევაში ფლანგიდან.

ანგისა 7 — რამდენიმე შეხვედრა მისთვის ჩვეულ დონესთან შედარებით ცუდად ჩაატარა, მაგრამ ახლა ძველებური ფრანკია. პირველ ტაიმში სპალეტიმ შენიშვნა  მისცა, რომ ლოსანოს ნაცვლად ხშირად შერბოდა მის ფრთაზე. თამაშის მსვლელობისას ანგისა ორ-სამ როლს ერთდროულად ასრულებდა. ბოლოს ცოტა დაიღალა.

ლობოტკა 6 — ფიზიკურად ჩვეულებრივზე სუსტად იყო, ამიტომ პირველ ტაიმში ცოტა გაუჭირდა, მაგრამ მის გაჭირვებას გუნდისთვის ცუდი შედეგი არ მოუტანია. გარკვეული შეცდომების მიუხედავად, ინტუიციურ ნაწილში როგორც ყოველთვის საუცხოო იყო.

ჟელინსკი 6.5 — „ლივერპულთან” დასვენების შემდეგ პოლონელი ახალი ძალებით შეუდგა საქმეს და კვლავ ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო გუნდში. მან ჩააწოდა ოსიმენს პასი პირველ ტაიმში, როდესაც „ნაპოლიმ” ანგარიში გაათანაბრა. დასაწყისში კვარაცხელიას არყოფნის გამო ცოტა დაბნეული ჩანდა.

ნდომბელე 6 — საქმეში დროულად და ყოჩაღად ჩაერთო. თავისი საუკეთესო თვისებები გამოამჟღავნა. შეტევაში უფრო სასარგებლო ჩანდა.

ელმასი 7 — სპალეტიმ იმიტომ ათამაშა, რომ „ატალანტას” ხუთკაციან დაცვასთან ბრძოლაში მისნაირი კუნთებიანი ფეხბურთელი სჭირდებოდა და ელიფმა ნდობა გაამართლა. ის თავიდანვე კარგად ჩაერთო იმ კომბინაციებში, რომლებიც „ნაპოლისთვის” მარცხნიდან ასე სასარგებლოა. კარგად შეეწყო ჟელინსკისა და ოლივეირას. ზოგადად კარგ თამაშს მან გოლიც დაამატა. ტექნიკურად ითამაშა. შესვენების მერე კიდევ უფრო მეტი მხნეობა და ინიციატივა გამოამჟღავნა. როდესაც მცველზე მიდიოდა კვარა არ იყო, მაგრამ მაინც ეფექტურად მოქმედებდა.

ოსიმენი 8 — პირველ ტაიმში რაც მოინდომა ყველაფერი გააკეთა, თუმცა დაცვაში, კუთხურის დროს ბურთი ხელში მოხვდა და ამის გამო მეტოქის სასარგებლოდ პენალტი (ალბათ საეჭვო) დაინიშნა. შემდეგ ნიგერიელმა თავურით ანგარიში გაათანაბრა, რასაც მოაყოლა დემირალთან ჩინებული ორთაბრძოლა და ელმასს სტუმრების მეორე გოლი გაატანინა. მეორე ტაიმის შუაში შეცვალეს, რადგან სპალეტისთვის სასურველ სქემაში ვეღარ ჯდებოდა.

სიმეონე 6.5 — არნახული მონდომებით ჩაერთო თამაშში. თავს იცავდა, თანაგუნდელებს პასებს აძლევდა. კინაღამ მესამე გოლი გაიტანა.

ლოსანო 6 — მარჯვენა ფრთაზე შანსი ჰქონდა, რადგან მაელე საკმაოდ წინ თამაშობდა. დრიბლინგში დიდად ეფექტური არ ყოფილა. პერიოდულად ბევრს დარბოდა ისე, რომ გონებას არ აყოლებდა, მომენტებს ვერ ქმნიდა. პირველი ტაიმის ბოლოს ოსიმენს კარგი კომბინაცია გაუთამაშა.

პოლიტანო 6.5 — კიდევ ერთხელ ჩაერთო თამაშში შესანიშნავად. კარგად ეხმარებოდა დაცვას და პერიოდულად ხიფათს ქმნიდა შეტევაში.