„ატალანტასთან” თამაშის წინა დღეს „ნაპოლის” მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ტრადიციული პრეს კონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ მეტოქეს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს და მისმა გუნდმა მიუხედავად იმისა, რომ „ენფილდზე” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა, წამით არ უნდა დაივიწყოს, რომ ძლიერ მოწინააღმდეგეს ხვდება.
შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრაში ზურგის ტკივილის გამო ვერ ითამაშებს ხვიჩა კვარაცხელია.
ჩემპიონთა ლიგის წილისყრაზე
გუნდების არჩევა და იმაზე ფიქრი, რომ ერთთან შეხვედრას მეორესთან შეხვედრა სჯობს, არასწორი მიდგომაა. თავად უნდა გინდოდეს ხარისხიანად თამაში და უნდა იცოდე, რომ ყველაფერი შენს სიძლიერეზეა დამოკიდებული. ჩვენ იოლი თამაშები არ გვჭირდება. ჩვენ გვინდა ვიყოთ ძლიერები და რთულ შეხვედრებში მივიღოთ მონაწილეობა.
მსოფლიოს ჩემპიონატის დადებითი და უარყოფითი მხარეები
გამორჩევით დადებით ან უარყოფით მხარეს ვერ ვხედავ. ეს პერიოდი უბრალოდ უნდა გავიაროთ. ვიღაცას ერთით მეტი ფეხბურთელი ეყოლება მსოფლიოს ჩემპიონატზე, ვიღაცას ნაკლები. ზოგზე იტყვიან, რომ მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობამ ფორმა შეუნარჩუნა, ზოგზე კი იტყვიან, რომ გადაიღალა. ყველას ინდივიდუალურად შევაფასებთ. ჩვენ ამ პერიოდის არ გვეშინია, რადგან ჯანსაღი გუნდი გვყავს და მასში პროფესიონალი ფეხბურთელები თამაშობენ. იმისათვის, რომ ასი პროცენტით პროფესიონალი იყო, როგორც მოედანზე ასევე მის მიღმა სწორად უნდა მოიქცე. ჩვენი ფეხბურთელები საკუთარი თავის მწვრთნელები თავად არიან.
ლივერპულის შესახებ
მატჩის შემდეგ მოედნიდან გასახდელში ყველას მწარე გემო გამოგვყვა. უკანა გზაზე არავის უზეიმია ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემს ბიჭებს შეუძლიათ „ლივერპულივით” ძლიერები იყვნენ.
ბერგამოში თამაშისა და მეტოქის შეუვალი დაცვის შესახებ
ჩვენ სწრაფად უნდა შევუტიოთ, ბურთი გავაგოროთ და ბუნებრივად ვითამაშოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს ფეხბურთელებს კვლავ შეუძლიათ ამ თვისებების ჩვენება.
„ატალანტას” შესახებ
ფეხბურთი მუდმივად წინ მიდის. „ატალანტას” თამაში ბევრს გვეუბნება მისი მწვრთნელის ჯან პიერო გასპერინის მაღალ დონეზე. ჩვენ ამ შეხვედრისთვის ღრმად და სერიოზულად უნდა მოვემზადოთ. „ატალანტა” შეუვალი და შემოქმედი გუნდია. თუკი ამბიცია გვაქვს, ჩვენთვის ასეთ გუნდთან თამაში კარგია. ასე რომ, ჩვენც უნდა დავხვეწოთ, რაც დასახვეწია.
ლობოტკას შესაძლო შემცვლელის შესახებ
ჩვენ მისი რამდენიმე შემცვლელი გვყავს. მაგალითად დემე. მე მას ტრავმის გამო აქტიურად ვერ ვიყენებდი, მაგრამ ის ხალხით გადატვირთულ ნახევარდაცვაში ბურთს საუკეთესოდ ათამაშებს. ნდომბელეს ბოლო შეხვედრაში სისწრაფე აკლდა, მაგრამ იქაც კი აჩვენა რაღაც ისეთი, რაც ადრე არ გამოუვლენია. ამავე პოზიციაზე შეუძლია თამაში გაეტანოს, თუმცა ცოტა გამოცდილება აკლია. მასზე ის შემიძლია გითხრათ, რომ აშკარად ნიჭიერია, მაგრამ სწორედ ამიტომ მინდა, რომ მეტად აგოროს ბურთი. სხვა მხრივ, ის ძლიერია, დარბის და 30-40 მეტრიანი რეიდი იოლად შეუძლია შეასრულოს.
სპალეტი — მწვრთნელი, რომელსაც ფეხბურთელები ახალ დონეზე აჰყავს
აქ, მთავარია მოთამაშეებს არაფერი ავნო. უპირველეს ყოვლისა ბიჭებს თამაშის საშუალება უნდა მისცე და მერე გუნდურად ამუშაო. ეს მენტალიტეტი ჩვენს გუნდს ძალას ჰმატებს.