2020 წლის შემოდგომაზე ჩირო ფერარამ გამოსცა წიგნი „მე ვნახე დიეგო და ყველაფერი სწორედ ასე იყო”. წიგნში აღწერილია „ნაპოლის” ოქროს წლების ამბავი. ის ეძღვნებოდა დიეგო მარადონას, რომელიც იმხანად 60 წლისა სრულდებოდა — ეს მისი უკანასკნელი დაბადების დღე აღმოჩნდა.
ერთი ხნის წინ ჩირო გაემგზავრა ბუენოს აირესს სადაც… კიდევ შეხვდა დიეგოს. ფერარა ხარდინ დე ბელა ვისტას სასაფლაოზე მივიდა. მას სამარესთან კაპიტნის ხმა მოესმა და მისი ბედნიერი სახე წარმოუდგა თვალწინ.
რატომ გაედევნეთ მოგონებებს ბუენოს აირესში?
ორი წლის წინ, 26 ნოემბერს მინდოდა ჩემი მეგობრის გასვენებას დავსწრებოდი, მაგრამ ქვეყანა ჩაკეტილი იყო, არგენტინაში გაფრენა კი შეუძლებელი. დავრჩი შინ და სამი დღის განმავლობაში მოძალებულ განცდას ვებრძოდი. ის 72 საათი დიეგოს სამყაროში გავატარე. მე და პაბლო სორინი ვიყავით ერთად, არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და „იუვენტუსში” ჩემი ყოფილი თანაგუნდელი.
საიდან დაიწყეთ მოგზაურობა?
ვილა ფიორიტოდან, ღარიბთა უბნიდან, სადაც დიეგო დაიბადა. დღეს ეს დასახლებული ადგილია, მაგრამ 1960-იან წლებში გარშემო ქუჩებიც არ იყო. შემდეგ წავედი ლასკანოში, სადაც მარადონების დიდ ოჯახს „არხენტინოს ხუნიორსმა” სახლი გამოუყო. ეს სახლი დღეს მუზეუმია. მერე ვნახე დიეგოსადმი მიძღვნილი უდიდესი ფრესკა, ვიყავი „არხენტინოს ხუნიორსისა” და „ბოკა ხუნიორსის” აგრეთვე „რივერ პლეიტის” სტადიონებზე. „ბოკას” სტადიონზე, „ბომბონერაზე”, მემორიალურ მატჩში მივიღე მონაწილეობა — მოედანზე ერთადერთი იტალიელი გახლდით. ოთხი წლის შემდეგ „სან პაოლოზე” კიდევ ერთი მატჩი უნდა გაიმართოს. მისი ორგანიზატორი მე ვარ. ბოლოს კი დიეგოს მეუღლისა და ქალიშვილის, კლაუდიასა და დალმას დახმარებით, საფლავზეც გავედი.
ხარდინ დე ბელა ვისტა… სასაფლაო, სადაც დიეგო ორი წელიწადია განისვენებს.
არგენტინაში ჩასვლაზე ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში ვოცნებობდი. მინდოდა გადავხვეოდი თანაგუნდელსა და ადამიანს, რომელმაც ჩემს კარიერაში უდიდესი როლი ითამაშა. მე ხომ „ნაპოლის” პირველ გუნდში იმ წელიწადს დამაწინაურეს, როდესაც ის ჩვენთან ჩამოვიდა. სასაფლაოზე ფეხი რომ შევდგი რაღაცნაირი სიმშვიდე ვიგრძენი. ასე მეგონა დიეგოს ვხედავდი და მისი ხმა მესმოდა. თითქოს მითხრა: ჩირო, აქ რას აკეთებ? თითქოს ჩემი სტუმრობით გაოცებული დარჩა. იქ, საფლავთან მდუმარება ბატონობდა. ეტყობა დიეგო ცხოვრებაში ძალიან დიდ სიმძიმეს შეეჭიდა, დიდხანს ზიდა მხრებით. ბოლოს, როდესაც დავამთავრე მოგზაურობა ქალაქში, სადაც მარადონას ყველა ქუჩაზე შეხვდებით, ვიგრძენი, რომ მოვისვენე.
ნეაპოლიც ასეა. მის ყველა ქუჩაზე დიეგოს სურნელი დგას.
იქ, დიეგოს მემორიალებთან რიგში ბევრი ნეაპოლელი და არა მარტო ნეაპოლელი ვნახე. ვფიქრობ კარგი იქნება მარადონას მუზეუმს ჩვენთანაც თუ გავხსნით და არგენტინელთან დაკავშირებულ სხვა ხალხსაც მივაგებთ პატივს. ეს იქნება სწორი იმ ადამიანების მიმართ, ვინც იმ წლებში ნეაპოლს გამარჯვება მოუტანა, ეს გამარჯვება ფეხბურთის ჩარჩოებს სცილდებოდა.
ლუჩანო სპალეტი ხშირად ახსენებს მარადონას. ის ცდილობს ხაზი გაუსვას, რომ ახლანდელი გუნდის წარმატებებს მას უძღვნის. ერთხელ ისიც თქვა, დიეგო ჩვენით იამაყებდაო.
ასეცაა. დიეგოს „ნაპოლის” მაისურა მას მერეც უყვარდა, რაც აქედან წავიდა. თან ის კლუბს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდში დაშორდა. წარმოიდგინეთ: დღეს გუნდი ჩემპიონთა ლიგასა და სერია A-ს ცხრილში პირველ ადგილზეა და მშვენიერ ფეხბურთს თამაშობს. ეს საამაყოა ჩვენი ქალაქისთვის, გუნდისთვის, კლუბისთვის. სპალეტი მართალია, დიეგოს ეს ყველაფერი ძალიან მოეწონებოდა.
თქვენმა ყოფილმა თანაგუნდელმა ბრუნო ჯიორდანომ თქვა: „დღევანდელი გუნდის საიდუმლო ბედნიერების შეგრძნებაა. ეს იგივე გრძნობაა, ჩვენ რომ გვქონდა პირველ სეზონში”.
დროში ასე დაშორებული ორი გუნდის შედარება ძნელია, თუმცა ის კი სრული სიმართლეა, რომ ამ გუნდს ისეთივე ჰარმონია ეტყობა, როგორიც ჩვენს დროს იყო. ვფიქრობ, „აძურის” ასეთი ჩინებული სტარტი იმანაც განაპირობა, რომ გუნდს პასუხისმგებლობის წნეხი არ ამძიმებდა. ეს გონებას წმენდს და შესაძლებლობათა ასი პროცენტის გამომჟღავნებაში გეხმარება. ასეთ ძლიერ სტარტს არავინ ელოდა და იმ გარემოებამ, რომ კონკრეტული მოლოდინი არავის ჰქონდა, „ნაპოლიში” მშვიდი გარემო შექმნა. დააკვირდით, ყველა, ვინც მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შედის, ღიმილით თამაშობს. სპალეტი ამტკიცებს, რომ გასახდელში კარგი ატმოსფეროს შექმნა ეხერხება.
კარს ბერგამოში თამაში მოგვადგა.
„ნაპოლიმ” მოიგო სტუმრად „ლაციოსთან”, „მილანთან” და „რომასთან”. ახლა ის ბერგამოში ხვდება „ატალანტას”, რომელიც დამსახურებულად არის მეორე ადგილზე. ჩვენ ჩემპიონატის გზაჯვარედინს მივადექით — ბერგამოში „ნაპოლი” იოლად ვერასდროს თამაშობდა. ამავე ტურშია „იუვე”-„ინტერი” და რომაული დერბი.
„ნაპოლიმ” ისეთივე დამოკიდებულებით უნდა ითამაშოს, როგორიც ლივერპულშიც აჩვენა. ვფიქრობ, შაბათის შეხვედრა დაემსგავსება „რომასთან” მატჩს, სადაც მეტოქემ სივრცეები ჩაკეტა და შანსს კონტრშეტევაზე ეძებდა. თამაშის ბედი „ნაპოლის” ხასიათმა და მნიშვნელოვანი მომენტების გამოყენების ნიჭმა უნდა გადაწყვიტოს.
ფრანჩესკო დე ლუკა, „ილ მატინო”