შუაგულ ვალენსიაში გულშემატკივართა ჯგუფმა სამი ბანერი გამოფინა. ყველაზე დიდს, რომელიც ცენტრში განათავსეს ინგლისურად ეწერა: „მენდეშის მაფიის წინააღმდეგ”.

ცენტრალური ბანერის მარცხნივ, შედარებით მომცრო პლაკატზე გამოსახული იყო პორტუგალიელი აგენტი ჟორჟე მენდეში რომელიც კლუბ „ვალენსიას” მეპატრონის სინგაპურელი პიტერ ლიმის მეგობარი და პარტნიორია. მენდეშის პორტრეტი ისე იყო შესრულებული, რომ ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმის „ნათლიას” მთავარი პერსონაჟი, მარლონ ბრანდოს მიერ განსახიერებული დამნაშავეთა კლანის თავკაცი დონ ვიტო კორლეონე გაგახსენდებოდათ. მარჯვნივ გამოსახული იყო ფიფა-ს, უეფა-ს და ლა ლიგას ლოგოები, რომელთაც მიწერილი ჰქონდა: „კოზა ნოსტრა”, რაც ამერიკაში გადასახლებული იტალიელების მიერ ამ ასი წლის წინ ჩამოყალიბებული დანაშაულებრივი ორგანიზაციის, იმავე მაფიის სინონიმია.

მოგეხსენებათ, ვალენსიელ გულშემატკივარს ძალიან არ უყვარს მათი კლუბის მეპატრონე და მისი მმართველობის სტილი, რომლის ერთ-ერთ საყრდენად მენდეში მიაჩნიათ.

ამავე კვირაში, გულშემატკივართა ისეთმა ძლიერმა ჯგუფებმა, როგორებიც არიან „ლიბერტად VCF” და „ესპირიტუ 86″ მოაწყვეს დემონსტრაცია, რაც წინ უძღოდა მენდეშის მიერ მოყვანილი მწვრთნელის ჯენარო გატუზოს პრეს-კონფერენციას, რომელზეც იტალიელმა თქვა, რომ მისი ამოცანა თამაშის მკაფიო სტილი დანერგვა და ფეხბურთელების გადაფასება.

ქართველი გულშემატკივრისთვის „ვალენსია” იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ იქ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი თამაშობს.