ევროპის უძლიერეს სარაგბო ჩემპიონატად აღიარებულ ტოპ 14-ში რეგულარული სეზონის მე-8 ტური გაიმართა, რომელშიც ქართველ ლეგიონერთა უჩვეულოდ მცირე რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა. მხოლოდ 8 ჩვენებურმა ითამაშა გასულ უქმეებზე, მაგრამ ნათქვამია, ხარისხი რაოდენობაზე მნიშვნელოვანია და ეს ჭეშმარიტება ამ ჯერზეც დადასტურდა.
რაგბის ქართველ ქომაგთათვის ყველაზე საინტერესო მატჩად „ლიონისა“ და „პოს“ შეხვედა იყო მიჩნეული და მოლოდინი გამართლდა – ორმა ბორჯღალოსანმა მნიშვნელოვანი ლელო მიითვალა და საბოლოო შედეგზეც გავლენა მოახდინა. თავდაპირველად თავი ჩვენმა ოქროს ბიჭუნამ, ფულბექმა დავით ნინიაშვილმა გამოიჩინა, რომელმაც გუნდის ხანგრძლივი შეტევა დააგვირგვინა – მე-15 წუთზე ლიონელებმა ბასკთა დაცვა მაგრად დაჩეჩქვეს და ბოლოს მარცხენა ფლანგზე სისწარფეაკრეფილ ნინიაშვილს მიანდეს დაცვის გარღვევა, რასაც 21 წლის ვარსკვლავმა საუცხოოდ გაართვა თავი. ეს იყო დათუნას მე-4 ლელო მიმდინარე სეზონში და მე-6 ტოპ 14-ში გამართულ მე-18 მატჩში.
თამაშის ბოლოს კი, უკვე გაწითლებულ დროში, როცა „ლიონი“ 31:20 იგებდა, სტუმრებმა ბოლო შტურმი მოაწყეს და აქ კი საჭირო დროს საჭირო ადგილას ბექა გორგაძე გაჩნდა. „პოს“ კაპიტანმა ბურთი რაქიდან აიტაცა და ლელოში მისი კომპლექციისთვის იშვიათი სისხარტით შევარდა. ბექამ ბურთი ზედ ძელთან დადო, ანუ გარდასახვის გატანა უიოლესი იყო და „პომ“ თავისი ქართველი კაპიტნის მეცადინეობით ბონუს-ქულა გამოგლიჯა ევროპის ჩელენჯ კაპის მფლობელს – 31:27.
დღის ორივე გმირმა თამაში შეუცვლელად ჩაატარა, ხოლო ბასკთა შორის გურამ პაპიძე შეცვლაზე 55-ე წუთზე შევიდა.
გურამ გოგიჩაშვილმა ბოლო ნახევარი საათი ითამაშა თავის „რასინგ-92“-ში და პარიზელებს მოქმედი ჩემპიონის დამარცხებაში დაეხმარა – 38:31. „მონპელიეს“ შემადგენლობაში, ცხადია, არ ყოფილა გელა აფრასიძე, რომელსაც საფრანგეთის რაგბის ფედერაციამ 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა ერთ-ერთ კალენდარულ მატჩში გამართული ჩხუბისთვის და ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ გელა ამის გამო საქართველოს ნაკრებს შემოდგომის ტესტებზე ვერ დაეხმარება…
„ბაიონმა“ აუტსაიდერ „პერპინიანს“ 24:20 სძლია და ბონუსიც გაატანა. კატალონიელთა რიგებში ბოლო 31 წუთი გიორგი თეთრაშვილმა გაატარა.
„ტულონმა“ „კასტრს“ 28:20 მოუგო და პირველიდან 55-ე წუთამდე გამარჯვებულთა შორის ბექა გიგაშვილი თამაშობდა.
„სტად ფრანსემ“ ქართველების გარეშე მოთამაშე „ბრივი“ „ნულზე“ დატოვა – 27:0, საკმარისი რაოდენობის ლელოებიც მიითვალა და 5 ქულაც მიიღო. გიორგი მელიქიძე თამაშში მარქაფიდან პირველივე ტაიმში ჩაერთო – 31-ეზე.
ასევე მარქაფიდან და ასევე პირველ ტაიმში თამაშში უბერებელი ვეტერანი დავით ქუბრიაშვილიც ჩაერთო. დუდუ 32-ე წუთზე გამოჩნდა „კლერმონის“ შემადგენლობაში და ეს იყო მისი დებიუტი ახალ კლუბში. შეხვედრა „ბორდოსთან“ კი ფრედ – 23:23 დასრულდა.





