Stanislav Lobotka of SSC Napoli, Edson Alvarez of Ajax during the UEFA Champions League Group A match between SSC Napoli and Ajax Amsterdam at Stadio...სტანისლავ ლობოტკა ლუჩანო სპალეტისეული „ნაპოლის” ბურჯი არა მარტო მოედანზე, არამედ მის გარეთაც, მალე ერთ-ერთი ყველაზე მაღალხელფასიანი მოთამაშე გახდება.

Stanislav Lobotka of SSC Napoli challenged by Alexis Saelemaekers of AC Milan during the Serie A match between AC Milan and SSC Napoli at Stadio...სლოვაკი ნახევარმცველი ნეაპოლში 2020 წლის იანვარში ჩავიდა. მასში გვარიანი თანხა გადაიხადეს — ლობოტკას „სელტასგან” გამოსახსნელად „ნაპოლიმ” 20 მილიონ ევროს პლუს ბონუსები გაიღო და ეს ფული თავიდან ბევრს გადაყრილად მოეჩვენა. საქმე ის არის, რომ ახალწვეულს „ნაპოლის” შემადგენლობაში პირველი წელიწადნახევრის განმავლობაში დასამახსოვრებელი არაფერი გაუკეთებია. ფიზიკურად საეჭვოდ გამოიყურებოდა, კარგა ხანს ზედმეტ წონას საყვედურობდნენ, „აძურის” თამაშსა და გარემოს ვერაფრით შეერწყა…  ისე ჩანდა, რომ ვეზუვის ჩრდილში სტანის თავგადასავალი დასასრულს უახლოვდებოდა. „ეს ვინ ვიყიდეთ?” — ჩიოდნენ გულშემატკივრები, რომლებიც დღეს მას აღმერთებენ.

მდგომარეობა მას მერე შეიცვალა, რაც გუნდის მწვრთნელად ლუჩანო სპალეტი მივიდა. მაშინ, როდესაც ყველა ლობოტკას გაყიდვას ელოდა, ტაქტიკოსმა სლოვაკთან მუშაობა დაიწყო. მან უპირველესად მენტალურ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება და ლობოტკამ აღმოაჩინა, რომ თავს არათუ ზედმეტად აღარ გრძნობს, არამედ ახალი თავკაცის იდეების ერთ-ერთი საყრდენი ფიგურაა. ფეხბურთელმა მწვრთნელს იმედი გაუმართლა, სრული გარდაქმნით უპასუხა. ლობოტკამ მოედანზე დაუღალავი მუშაობა დაიწყო, ზედმეტი კილოგრამები დაიკლო, ფორმაში ჩადგა და „ნაპოლის” ახალი „დირექტორის თანამდებობა” იკისრა.

დღეს ლობოტკა შუა მოედნის კუთხე-კუნჭულში ტრიალებს. ის დარბის, აწვდის პასებს, იგებს ორთაბრძოლებს, თამაშს გეომეტრიას სძენს, მანევრირებს. შესანიშნავი თანამედროვე „დირექტორია”, რომელიც ორიოდ წელიწადში შეიძლება სერია A-ში ამ ამპლუის საუკეთესოდაც კი მიიჩნიონ. 20 მილიონიანი ინვესტიცია ახლა ამოღებულად და მეტადაც კი ითვლება.

ფეხბურთელის თამაშის გარდასახვამ ბუნებრივად იმოქმედა მისი კონტრაქტის პირობებზეც. „ნაპოლისთან” ლობოტკას დღევანდელ ხელშეკრულებას ვადა 2025 წელს გაუდის. მას მხარეებმა გასულ იანვარს მოაწერეს ხელი. სლოვაკის დღევანდელი ხელფასი წელიწადში მხოლოდ 2 მილიონია, რაც ბევრი თანაგუნდელის ჯამაგირზე ნაკლები გახლავთ. ამიტომ, კლუბმა უკვე მოამზადა ახალი პირობები, რათა ლობოტკას ბოლო პერიოდში გაწეული შრომა დაუფასოს და დიდი კლუბების საბაზრო განგაშიც აირიდოს თავიდან.

თუ მხარეები შეთანხმდებიან, სლოვაკის ხელფასი გახდება 3 მილიონი ანუ გუნდის სხვა ბურჯების გასამრჯელოს გაუტოლდება. ხელშეკრულება გაფორმდება 2028 წლამდე. ლობოტკა დღეს 27 წლისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთის თამაშს ფაქტობრივად ლურჯი მაისურით დაასრულებს. ეს დამსახურებული ჯილდოა ფეხბურთელისთვის, რომელიც „აძურის” რიგებში ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური და სტაბილურია.

ბეატრის C, ნაპოლი კალჩო