ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე” სერია A-ში ჯერჯერობით კვლავ გამარჯვების გარეშეა. ამჯერად ქართველი მცველის გუნდმა შინ 0:0 ითამაშა „უდინეზესთან”, რომელიც ამ შეხვედრის წინ მე-8 ადგილზე იყო. მიუხედავად იმისა, რომ კრემონელებმა ვერ მოიგეს, „უდინეზესთან” ბრძოლით მოპოვებული ფრე ცუდ შედეგად არ ჩაითვლება.
უდინელებს წინა ტურამდე ზედიზედ ცხრა ტურში არ ჰქონდათ წაგებული. შემდეგ „ტორინომ” ისინი 2:1 დაამარცხა და ახლა გუნდს აუტსაიდერთან შეხვედრაში კვლავ წარმატებათა გზაზე შეეძლო დაბრუნება, მაგრამ ვერ მოახერხა.
„ბოლო ორ მატჩში, 12 დღის განმავლობაში, გუნდს ჩემთვის საქმისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით უკმაყოფილების საბაბი არ მოუცია, — თქვა მატჩის შემდეგ „კრემონეზეს” მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ, — ფეხბურთელები ჟინით თამაშობენ, აქვთ იდეები. „უდინეზეს” ჰქონდა ხელსაყრელი მომენტები, მაგრამ ჩვენც შევქმენით მათ კართან ხიფათი. ასეთი სულისკვეთების წყალობით ჩვენი გუნდი იზრდება. პირველი 10 წუთი განსაკუთრებით წუთი რთული გამოდგა, მეტოქეს ჩვენი გატეხვა უნდოდა, მაგრამ „კრემო” არ გატყდა”.
რაც შეეხება ლოჩოშვილს, მან კარგად ითამაშა. მეორე ტაიმის მიწურულს კონტრშეტევებიც წამოიწყო და რეიდები გააკეთა, მაგრამ 85-ე წუთზე ფეხი იტკინა და შეცვალეს.