VAR ფეხბურთს აზიანებს — თქვა „ტოტენჰემ ჰოთსპურის” იტალიელმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრის ბოლოს მოედნიდან გააძევეს. მიზეზი: „სფურზისა” და „სპორტინგის” მატჩი 1:1 მთავრდებოდა, როდესაც 90+6 წუთზე ჰარი კეინმა ლისაბონელთა კარში გოლი შეაგდო. VAR-მა ეპიზოდი საეჭვოდ მიიჩნია. გოლი არ ჩაითვალა, რაც კონტემ ემოციურად გააპროტესტა და არბიტრმა მას წითელი ბარათი ამოუღო.
ეს ამბავი D ჯგუფში მოხდა, რომელსაც კვლავ „ტოტენჰემი” ლიდერობს, მაგრამ ბოლო ტურის წინ ფლეი-ოფში გასვლის შანსი ოთხივე გუნდს აქვს.
„ძალიან მაინტერესებს, სხვა დიდ სტადიონზე, სხვა დიდი გუნდის წინააღმდეგ თუ გაბედავდნენ ბოლო წამს ასეთი გოლის გაუქმებას, — თქვა კონტემ, — დღეს გვაქვს დაუჯერებელი მდგომარეობა, რომელიც კლუბებს აზარალებს. ეს დიდი უსამართლობაა. იგონებენ სიტუაციებს, რომლებსაც მხოლოდ ზიანი მოაქვთ. VAR-ით შეცდომებს არ უნდა უშვებდნენ. ეკრანი და დრო მათ ხელშია. როდესაც შინ ვზივარ და VAR-ის კადრებს ვუცქერ, სწორი დასკვნა იოლად გამომაქვს. ისინი, კი, როგორც ხედავთ, ცდებიან.
გოლი გაგაქვს, შემდეგ ეტაპზე გასვლას ზეიმობ და შემდეგ, ხუთი წუთი ელოდები VAR-ის გადაწყვეტილებას. თან, არ ხარ დარწმუნებული, რომ სწორ დასკვნას გამოიტანენ. ეს უკვე ფეხბურთი აღარ არის. ასე ემოციას კლავ. ყველას ემოციას კლავ, უპირველეს ყოვლისა კი ფეხბურთელებისას”.
წითელი ბარათი კონტესთვის იმას ნიშნავს, რომ ბოლო ტურში, მარსელში ის სათადარიგოთა სკამზე ვერ იჯდება.
იმავე დღეს „სპორტინგი” „აინტრახტს” მასპინძლობს.