Giorgi Mamardashvili (@giorgimamarda) / Twitterდღეს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” „ბარსელონას” მასპინძლობს. მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე „ღამურების” მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ მოახლოებულ შეხვედრაზე ილაპარაკა.

ვინ აკლია გუნდს: პრობლემები ნახევარდაცვაში გვაქვს და არა დაცვაში. უკანა ხაზში მხოლოდ დიაკაბი გვაკლია, შუა ხაზში კი ნიკო და იუნუსი არ გვეყოლება.

ფულკიე: ვერ გეტყვით იქნება თუ არა მოედანზე. ჯერ კიდევ კარგად უნდა მოვიფიქროთ, როგორ უნდა ვითამაშოთ „ბარსას” წინააღმდეგ და ის ამის მიხედვით იმოქმედებს შუაში ან მარჯვნივ. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, ბურთს ჩვენ ვფლობთ თუ მეტოქე.

თამაშის სტილი: ჩვენ ჩვენი სტილის ერთგულები ვართ. რასაკვირველია, „ბარსას” ფეხბურთს გავითვალისწინებთ, მაგრამ მის გამო ჩემს დამოკიდებულებას არ შევცვლი.

მესტალიას ატმოსფერო: ამ სტადიონზე უკვე ხუთჯერ ვუმასპინძლე მეტოქეებს და ხუთივეჯერ საუცხოო ატმოსფერო იყო. „ბარსელონას” წინააღმდეგ 45 000 გულშემატკივარი შეგვმატებს ძალას. იმედი მაქვს, იმედს გავამართლებთ”.

ბარსა: მე ჩემს გუნდზე მიყვარს ლაპარაკი, რადგან პრობლემები იქ მაქვს. რაც შეეხება „ბარსას”, ის ლა ლიგაში ძალიან კარგად თამაშობს, ცოტა გოლს უშვებს და ბევრი გააქვს. რატომღაც, ევროტურნირებზე ასე არ არის. „ბარსას” ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს.

როგორ გავაჩეროთ ბარსა:  თერთმეტ შეხვედრაში ჩვენ რვაჯერ ვიყავით წინ. ის, რომ მე-60 წუთიდან ცუდად ვთამაშობთ, შემთხვევითობა არ არის. ამის გამოსწორებაზე ვმუშაობთ. ცხრილს რომ ვუცქერ, გული მწყდება. 19-20 ქულა უნდა გვქონდეს.

გამოცდილება: გამოცდილებაზე ლაპარაკი თავის გამართლებაა. თამაშის ხარისხი რომ გამოვასწოროთ, მეტი უნდა ვიმუშაოთ.

მენტალური პრობლემების გამოსწორება: „მილანში” რომ ვთამაშობდი, სტანდარტული მდგომარეობების მეშინოდა. მაშინ ყველა საშინელ სტანდარტულებზე ლაპარაკობდა. საერთოდ ასეა, როდესაც დაუსრულებლად ლაპარაკობ რამე უარყოფითზე, ის თავში გიჯდება. ჩვენ თამაშის ხარისხი უნდა გამოვასწოროთ, განა იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ ახალგაზრდები და გამოუცდელები ვართ. ძლიერი მენტალობა ის არის, როდესაც შენთვის თამაში 90 წუთის შემდეგ მთავრდება.

ჩავი: ძალიან მიხარია ჩავის მეტოქეობა რომ მიწევს, ეს დიდი პატივია. ბევრი წლის განმავლობაში, როდესაც მე დავრბოდი, ის ფეხბურთს თამაშობდა. მე მას დიდ პატივს ვცემ, რადგან მას ძალიან უყვარს ფეხბურთი.

განცდები ბარსასთან თამაშის წინ: ესპანეთში ყველა მეტოქე ძლიერია და ამიტომ ყველა თამაში მაშინებს. დღეს ყველა ფიქრობს, რომ „ბარსა” იოლად მოიგებს. წინა ტურში, როდესაც „ბარსელონამ” „ბილბაოს” 4:0 მოუგო, 25 წუთში ანგარიში უკვე 3:0 იყო. არადა, ყველა თამაში 0:0 და თერთმეტი თერთმეტზე იწყება.

ლევანდოვსკი: „ბარსა” მარტო ლევანდოვსკი არ არის. მათ ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც საუცხოო ფეხბურთს თამაშობენ.

რა ხდება გასახდელში: ასეთი შეხვედრების წინ ბევრს არ ვლაპარაკობ ხოლმე. დიდი თამაში თავად გამზადებს. „ელჩესთვის” მომზადება ყოველთვის უფრო ძნელია, ვიდრე „ბარსასთვის”.