გურამ კაშიას, გიორგი ჩაკვეტაძისა და ჯაბა კანკავას „სლოვანმა” ერევნის „პიუნიკს” 2:1 მოუგო და ფაქტობრივად კონფერენციის ლიგის ფლეი-ოფშია. ეს გახლდათ თამაში, სადაც საქართველოს ნაკრების ვეტერანმა მცველმა გურამ კაშიამ გოლი გაიტანა — ანგარიში გაათანაბრა.

სომხებს რომ მოეგოთ, დიდი ალბათობით თავი ქუდში მათ ექნებოდათ, მაგრამ პირველ ტაიმში მასპინძლებმა ისეთ სათამაშო უპირატესობას მიაღწიეს, რომ „პიუნიკის” გამარჯვებაზე ლაპარაკი გაძნელდა. რამდენჯერმე თავი გამოიჩინა სტუმრების მეკარემ დავიდ იურჩენკომ.

და ასეთ დროს, ოღონდ მეორე ტაიმში, „სლოვანის” მეკარემ ადრიან ჩოვანმა მეტოქეს პენალტი აჩუქა. თერთმეტმეტრიანი მოლდოველმა ეუგენიუ ჩოჩიუკმა გაიტანა. სტუმრების უპირატესობა გაგრძელდა 84-ე წუთამდე, როდესაც კაშიამ ანგარიში გაქვითა, ერთ წუთში კი იურჩენკომ მთელი თავისი ნაღვაწი წყალში გადაყარა — ისეთი შეცდომა დაუშვა, რომ ვენესუელელ ერიკ რამირესს ბურთის კარში შეგდების მეტი აღარაფერი დარჩენოდა.

ახლა, ბოლო ტურში, „სლოვანმა” მთავარია სტუმრად „ჟალგირისთან” არ წააგოს. „პიუნიკს” კი კიდევ აქვს შანსი. მან საამისოდ შინ „ბაზელი” უნდა დაამარცხოს.

„ერთი უხეში შეცდომა დავუშვით, რის გამოც კინაღამ წავაგეთ. მეორე მხრივ, შესანიშნავად ვითამაშეთ. ბევრს ალბათ არ სჯეროდა, რომ საქმეს საჩვენოდ შემოვატრიალებდით, მაგრამ ჩვენს გუნდს ძალა აქვს. ძალიან დაგვეხმარა გულშემატკივარი. გამარჯვების გოლი მეტოქის უხეში შეცდომის წყალობით გავიტანეთ, თუმცა ფეხბურთში ასეთები ხდება. შეიძლებოდა წაგვეგო, მაგრამ დამსახურებულად გავიმარჯვეთ”, — თქვა „სლოვანის” მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა.