სასამართლოს მოგების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი კორტზეც შეეცადა წაგებათა სერიის შეწყვეტას, მაგრამ რუს დანილ მედვედევთან ვერაფერს გახდა. ჩვენებურმა ზუსტად საათში, იოლად დათმო მატჩი — 2:6; 2:6. ეს ვენის 500-იან ტურნირზე მოხდა, სადაც ორგანიზატორებს ერთი იაღლიში გაეპარათ: ისინი ყველა მონაწილეს გამამხნევებელ ბანერს მის მშობლიურ ენაზე უწერენ. ბასილაშვილის მოსასვენებელ მხარეს კი ქართული ასოებით ეწერა – დავაი, ნიკოლოზ! ეს თავად ბასილაშვილმაც შეაჩნია და ბანერს პირსახოცი გადააფარა.
რაც შეეხება მატჩს, ორივე სეტში მედვედევმა უპირატესობა მიიღო, ორივეჯერ 4:1 დაწინაურდა და საქმის გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებია. ბოლო 10 მატჩიდან ბასილაშვილმა ცხრა წააგო. ის ერთიც მაშინ მოიგო, როდესაც ტრავმირებული მეტოქე სათამაშოდ არ გამოცხადდა.