ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ” შინ ეგრეთწოდებული 6-ქულიანი შეხვედრა წააგო კონკურენტ „სამპდორიასთან” — 0:1. ამ მარცხმა კრემონელები, რომელთაც 11 ტურში ერთხელაც არ მოუგიათ, ბოლო ადგილზე დაუშვა. მასიმილიანო ალვინის გუნდი სერია A-ში ერთადერთია, რომელსაც გამარჯვება ჯერ არ დაუგემოვნებია, „სამპდორიამ” კი მე-18 ადგილზე აინაცვლა, ოღონდ ეს პოზიციაც გასავარდნთა ზონაშია. გენუელთათვის გუშინდელი მოგება პირველი იყო.

სტუმრებმა მატჩის ერთადერთი გოლი 78-ე წუთზე გაიტანეს, ეს გამბიელმა ომარ კოლიმ შეძლო. ალვინიმ გაშვებული გოლის პასუხად ერთბაშად ოთხი ფეხბურთელი შეცვალა, მათ შორის იყო ლოჩოშვილიც, თუმცა თავქუდმოგლეჯილი შეტევის მცდელობამ ვერ უშველა, „კრემონეზე” წაგებას ვერ გადაურჩა.

„ფეხბურთში რომ ყველაფერი ხდება კარგად ვიცი, მაგრამ ნებისმიერი ვინც დღევანდელ შეხვედრას უყურა, დაინახავდა რაც მოხდა. ჩემი აღწერა არ სჭირდება იმას, თუ როგორ ითამაშა გუნდმა 75 წუთის განმავლობაში, ბოლოს კი მაინც ჩვენ დავრჩით წაგებულები. აი, ეს არის ამ თამაშის მთელი შეფასება. მეორე ტაიმში არაჩვეულებრივი 20 წუთი გვქონდა, რომლის განმავლობაშიც 4 გოლის გატანა მაინც შეგვეძლო. თამაშის თვალსაზრისით, დღეს ჩვენ დიდებული „კრემონეზე” ვიხილეთ”, — თქვა მატჩის შემდეგ ალვინიმ.

აღსანიშნავია, რომ საგოლე მომენტების გარდა „კრემონეზემ”, კერძოდ კი ნიგერიელმა სირილ დესერსმა მე-7 წუთზე პენალტი ვერ გაიტანა. მას უხეიროდ დარტყმული მეკარე ემილ აუდერომ აუღო.

„კრემონეზეს” შემდეგი შეხვედრა კვირას, 30 ოქტომბერს, შინ, მე-6 ადგილზე მყოფ „უდინეზესთან” აქვს.