ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ” სტუმრად ჟოზე მოურინიუს „რომა” დაამარცხა, 1:0. ეს გახლდათ ყველა შეჯიბრებაში „აძურის” ზედიზედ მეთერთმეტე გამარჯვება, რომელთაგან 9 სერია A-ზე მოდის. შედეგად, იტალიის ჩემპიონატის ცხრილში ლუჩანო სპალეტი და მისი ბიჭები 29 ქულით პირველ ადგილზე არიან და 3 ქულით უსწრებენ „მილანს”.
რომაულმა „კორიერე დელო სპორტმა” ტრადიციულად გამოთქვა თავისი აზრი იმის შესახებ, თუ ვინ იყვნენ მატჩის საუკეთესო მოთამაშეები და ვინ გაუცრუა იმედი ყველაზე მეტად — დაასახელა ეგრეთწოდებული „ტოპები” და „ფლოპები”. როგორც გაირკვა, გაზეთი ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით უკმაყოფილო დარჩენილა, თუმცა ყველა თანმიმდევრულად ჩამოვთვალოთ:
საუკეთესონი
ვიქტოს ოსიმენი: ოცნების კაცი
მან კრის სმოლინგთან დუელში გაიბრწყინა და გაიმარჯვა. ის იბრძოდა, დარბოდა, თანაგუნდელებს ეხმარებოდა და გადაწყვეტილებებს იღებდა. მისმა ფანტასტიკურმა გოლმა „სტადიო ოლიმპიკოს” ცივი წყალი გადაასხა, ნეაპოლი კი სიხარულით ცას სწია.
ირვინგ ლოსანო: ტეკილა ბუმ ბუმ
სპალეტის თავდამსხმელებს შორის ის ყველაზე აქტიური იყო; მარჯვენა ფრთიდან იწყებდა შეტევას, სულ ერთვებოდა მოვლენებში, წითელ-ყვითელ მაისურიანებს შორის დაძვრებოდა. მართალია, მისი დარტყმები უნაკლო არ იყო, მაგრამ 49-ე წუთზე ბურთი კარამდე მიაწვდინა, სადაც მას რუი პატრისიუ დახვდა ჩინებულად.
იმედი გააცრუეს
ტამი აბრაჰამი: მეტამორფოზა
ინგლისელი თავდამსხმელის კარიერაში ცუდი პერიოდი გრძელდება. მან შეხვედრის დასაწყისშივე, მე-8 წუთზე ვერ ისარგებლა კამარას პასითა და ხელსაყრელი პოზიციიდან გოლი ვერ გაიტანა. მაღალ ბურთებს კიმი უგებდა. ხშირად შერბოდა ვაკუუმში. შესვენების შემდეგ, განახლდა თუ არა თამაში, ის შეცდა, რითაც „ნაპოლიმ” ისარგებლა, კონტრშეტევა წამოიწყო და კინაღამ გოლი გაიტანა. 63-ე წუთზე მოურინიუმ აბრაჰამი ბელოტით შეცვალა.
კვარაცხელია: სინათლის ჩრდილი
მანჩინისა და კარსდორპის კლანჭებში მოქცეულს დიდად არც თანაგუნდელები ამარაგებდნენ პასებით. შედეგად, ქართველმა ეფექტი ვერ მოახდინა. მართალია, ჟელინსკისთან წყვილში ერთი-ორი იდეა მოუვიდა, მაგრამ უშედეგოდ. ბოგირზე მოსიარულემ ამჯერად ვერ გაიბრწყინა.