საკალათბურთო კლუბი „ტიტები“ 2016 წელს დაარსდა. მომდევნო წელს გუნდი უკვე საქართველის კალათბურთის ფედერაციის ეგიდით გამართულ ტურნირებში იღებს მონაწილეობას.2019 წელს ტიტები სუპერლიგაშია. იმავე წელს კი საქართველოს თასი მოიგო. გუნდი კიდევ ერთი ტიტულით ამაყობს – დუდუ დადიანის მემორიალზე გამარჯვებით. ეს 2021 წელს მოხდა.
წლეულს ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილ გუნდს თვალი ჩემპიონობაზე დაუდგამს, თუმცა, თავად მთავარი მწვრთნელი სეზონის წინ ხმაურიან და ამბიციურ განცხადებებს არ აკეთებს და მოკრძალებულად ამბობს, რომ გუნდის მიზანი ფლეი ოფში (8 გუნდში) მოხვედრაა.
„დადიანის მემორიალის წლევანდელ გათამაშებამდე მზადება სამი კვირით ადრე დავიწყეთ. სადღეისოდ გუნდი ბოლომდეა დაკომპლექტებული. უკვე ვითამაშეთ ერთი ტურნირი, სადაც დავინახეთ როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. მინუსების გამოსწორებაზე ჩემპიონატის დაწყებამდე ვიმუშავეთ. ვეცდებით ეს ყველაფერი პირველივე თამაშში მოხდეს. მნიშვნელოვანია გუნდმა მოგებით დაიწყოს სეზონი, რაც სტიმულს მოგვცემს. მთლიანობაში მთავარი მიზანი ფლეი ოფში მოხვედრაა, მერე ოთხეულშიც თუ მოვხვდებით, ძალიან კარგი იქნება“, – გვითხრა ლეჟავამ.
„ტიტები“ სეზონის პირველ მატჩს დანაკლისით ხვდება – გუნდის ერთ-ერთ ლიდერ ლუკ მეიერს ტრავმა აქვს. გარდა ამისა, გუნდში არიან ახალწვეული ლეგიონერებიც, რომლებიც ადაპტაციას გადიან.
„ამ ეტაპზე მეიერი ვერ ითამაშებს, მაგრამ მეორე ტურიდან დახმარებას შესძლებს. ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა და ლიდერია. კიდევ სამი ლეგიონერი გყავს. აქედან ტომპსონი მეიერის მსგავსად ჩვენს ჩემპიონატს კარგად იცნობს და იცის როგორი ლიგაა. ახალ ლეგიონერებს ცოტა უჭირთ სისტემასთან შეგუება, ნელ-ნელა გადიან ადაპტაციას და იმედია, რომ მალე მოერგებიან გუნდს“, – დასძინა მთავარმა მწვრთნელმა.გუნდის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი ლომოურია. 31 წლის კალათბურთელი სხვადასხვა გუნდებში საქართველოს რამდენიმეგზის ჩემპიონია, მოგებული აქვს ყველა ქართული ტურნირი – „ტიტებთან“ ერთად დუდუ დადიანის შარშანდელი მემორიალი.
„გუნდში კარგი და საბრძოლო განწყობაა. რაც მთავარია, მეგობრული ატმოსფეროა. ბევრირამდენიმე ახალწვეული გვყავს და ვეხმარებით ადაპტაციაში. გუნდში ბევრი ქართველი ახალგაზრდა კალათბურთელიც არის და მათ გვერდით დგომა სჭირდებათ. ჩვენი მიზანია ის შეცდომები, რომელიც დუდუ დადიანის ტურნირზე დავინახეთ, შევამციროთ და ფლეი ოფში რაც შეიძლება შორს გავიდეთ. ჩვენ ყოველთვის მაქსიმალური მიზნისთვის ვიბრძვით და მოედანზე ყველა თამაშის მოსაგებად გავდივართ. ვფიქრობ, კარგი სეზონი გვექნება. იმედი მაქვს, მეც კარგი სეზონი მექნება. ორჯერ სამქულიანების კონკურსი მოგებული მაქვს და წელს გასამებას ვაპირებ“, – გვითხრა ლომოურმა.
პირველი მატჩი „ტიტებს“ „რუსთავთან“ აქვს. აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში ლეჟავას თავკაცობით „ტიტებმა“ ორივე მატჩი მოუგო ქვემოქართლელებს…






