DASPO არის იტალიური მართლმსაჯულების ზომა, რომელიც სპორტში, კერძოდ კი ფეხბურთში ხულიგნობის თავიდან აცილების მიზნით, კანონის დარღვევაში შემჩნეული ადამიანების საჯარო თავშეყრის ადგილებიდან მოკვეთას ნიშნავს. იტალიასა და მთელს ევროპაში ამას 1985 წლის 29 მაისის შემდეგ მიმართეს, როდესაც ბრიუსელში, „ეიზელის” სტადიონზე, ჩემპიონთა თასის ფინალში, „ლივერპულისა” და „იუვენტუსის” შეხვედრის წინ ინგლისელმა ფანებმა იტალიელებზე იერიში მიიტანეს, ტრიბუნა ჩაინგრა და 32 იტალიელი დაიღუპა.
სწორედ ეს DASPO მიესაჯა სამ ნეაპოლელს, რომლებიც „ნაპოლისა” და „აიაქსის” ამასწინანდელი შეხვედრის წინ ნიდერლანდელ გულშემატკივარს თავს დაესხნენ. ერთი 23 და ორი 37 წლის კაცი რამდენიმე წლით ვეღარ მივა ისეთ ადგილებში და ადგილებთან, სადაც ხალხი გასართობად იკრიბება. ამბავი 11 ოქტომბერს ვია დელ ტრიბუნალისთან მოხდა.
ჰოლანდიელმა გულშემატკივარმა ხულიგნებისგან თავის დაღწევის მიზნით ბარში შესვლა სცადა, მაგრამ სამეული მას დაეწია და როგორც მუშტით ასევე დანით დააზიანა.
ორწლიანი DASPO მიიღო ორმა თანატოლმა, 25 წლის ნეაპოლელმა, რომელთაც „ნაპოლისა” და „ტორინოს” შეხვედრაში იხულიგნეს. ერთი სტადიონზე ღობეზე გადაძრომით შევიდა და გზად სტიუარდს სახეში ხელი გაარტყა, მეორე კი შესვენებისას მეთერთმეტედან მეთორმეტე სექტორში რკინის ჭიშკარზე გადაძრომით გადადიოდა და გადმოდიოდა, შემდეგ კი B ტრიბუნის ზედა იარუსიდან ქვედაზეც ჩაძვრა.