იტალიურ Radio Crc-ში, რაფაელე აურიემას გადაცემა Si Inflate la Rete-ს ესტუმრა თბილისის „დინამოს” აკადემიის მთავარი მწვრთნელი ანდრეს კარასკო, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ილაპარაკა.
„იმ ხალხმა, ვინც ბიჭის პროგრესს ვადევნებდით თვალს, ვიცოდით, რომ მას დიდი ეფექტის მოხდენა შეეძლო, მაგრამ ასე თუ მოხდებოდა, რას წარმოვიდგენდით. ის ყოველთვის საუცხოო მოთამაშე იყო, განსაკუთრებით აკადემიაში, მაგრამ საუკეთესოთა შორის არ ყოფილა და ის გავლენა, რომელიც მან „ნაპოლიზე” მოახდინა ამიტომაც არის განსაკუთრებით შთამბეჭდავი. ხვიჩა ყოველთვის გამოირჩეოდა ძლიერი ხასიათით, იყო შრომისმოყვარე და გულში ცეცხლი რომ არ უგიზგიზებდეს დღეს იტალიაში ვერ ითამაშებდა. ძნელია, ვინმეს შევადარო.
ის არის ფეხბურთელი, რომელსაც ახლა ჩინებული პერიოდი უდგას, მაგრამ ამას გაგრძელება სჭირდება. ჩემი აზრით „ნაპოლი” ძალიან საინტერესო გუნდია, მისი თამაშის ცქერა მეტად მომწონს. გუნდი ურთულეს მომენტებშიც კი ახერხებს გამოსავლის პოვნას, მაგრამ ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ხანგრძლივი პროცესია და ამიტომ მოდი წარმატება ვისურვოთ. კვარა გუნდის დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს. მთავარი ხომ გუნდია.
არის თუ არა აკადემიაში კვარაცხელიას მსგავსი ფენომენი? დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ 13-14 წლის ქვემოთ ბევრი ძლიერი ბავშვი გვყავს, უფრო ძლიერი ვიდრე ამ ასაკში იყო კვარა, მაგრამ დღეს ვერავინ მოგცემთ გარანტიას, რომ მათ ასეთივე მომავალი ექნებათ. აქ ძალიან მნიშვნელოვანია მენტალური სიძლიერე. ხვიჩა ძლიერი პიროვნებაა და მის შემთხვევაში ძალიან დიდი როლი ითამაშა იმან, რომ უცხო სამყაროდან გამოჩნდა”.