დღეს ერიკ ტენ ჰაგი კრიშტიანუ რონალდუს სერიოზულად დაელაპარაკება — პორტუგალიელმა ვარსკვლავმა „ტოტენჰემთან” შეხვედრაში სათადარიგოთა სკამი ადრე დატოვა, ნიდერლანდელ მწვრთნელს ხუთიდან ჯერ მხოლოდ სამი ცვლილება ჰქონდა გამოყენებული.
„ამ საკითხს ხუთშაბათს გავარკვევთ. დავინახე რომ გადიოდა, მაგრამ არ დავლაპარაკებივარ, — თქვა პრეს-კონფერენციაზე ტენ ჰაგმა, — ამ ფაქტს დიდი ყურადღება არც მივაქციე, რადგან იმ წუთას გუნდით ვიყავი დაკავებული. ჩემი თერთმეტივე ფეხბურთელი შესანიშნავად თამაშობდა. დღეს გამარჯვებას ვიზეიმებთ, დანარჩენს კი ხვალ მოვუვლით”.
რონალდუს პირქუშმა გამომეტყველებამ დაჩრდილა ამბავი, რომელსაც ტენ ჰაგმა მისი „მანჩესტერ იუნაიტედში” მისვლის შემდეგ, „ოლდ ტრეფორდზე” ჩატარებული საუკეთესო თამაში უწოდა. ჰოლანდიელ მწვრთნელს ჩაეძიენ, დართო თუ არა მან კრიშტიანუს ნება სათადარიგოთა სკამი მატჩის დამთავრებამდე დაეტოვებინა.
„თქვენს კითხვაზე ჩემი პასუხი ასეთია: ამ საკითხს ხუთშაბათს გავარკვევთ. დღეს საღამოს კი ჩვენ ვნახეთ გუნდი, რომელიც 11 კაცით თავს იცავდა და 11 კაცით უტევდა. თავდასხმაში ძალიან მობილურები ვიყავით.
უკაცრავად, მე 11 ფეხბურთელი ვახსენე, მაგრამ უნდა დავაზუსტო — სათადარიგოებმაც შესანიშნავად ითამაშეს. ყველამ, ვინც მოედანზე გვიან შევიდა, გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა”.
შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რონალდუ მოედანზე არ-შეშვების ან ნაადრევი შეცვლის გამო უკმაყოფილებას გამოხატავს. ასე მოიქცა ის „ნიუკასლთან” შეხვედრაში და ასევე მოიქცა აგვისტოში, „ბრენტფორდთან”. პორტუგალიელი ქცევის წესებს დიდად არც ამხანაგურ თამაშებში დაგიდევდათ.
„მანჩესტერ იუნაიტედმა” „ტოტენჰემ ჰოთსპურს” 2:0 მოუგო.