ლუჩანო სპალეტის გუნდს „ბოლონიასთან” მოსალოდნელზე მეტად გაუჭირდა, მაგრამ თამაშის დამთავრებამდე 20 წუთით ადრე ვიქტორ ოსიმენის გოლით მაინც გაიმარჯვა 3:2, — წერს „კორიერე დელო სპორტი” და „ნაპოლის” გუნდიდან საუკეთესო და უარეს მოთამაშეებს, ინგლისურად რომ ვთქვათ ტოპებს და ფლოპებს ასახელებს. გავეცნოთ ამ იტალიური გამოცემის აზრს, თუმცა ჯერ აღვნიშნოთ, რომ „ნაპოლი” ბოლონიელებთან მოგების წყალობით სერია A-ს ცხრილში პირველ ადგილს ინარჩუნებს. ის ორი ქულით უსწრებს „ატალანტას” და წუხელ იტალიის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მეათედ გაიმარჯვა.
ჟუან ჟესუსი: „რომა”-„ბარსელონას” სტილში
„რომას” ყოფილი ფეხბურთელი „ბოლონიას” მიერ წამოწყებულ ყველა შეტევას ყურადღებით, მობილიზებული ხვდებოდა, 45-ე წუთზე კი კუთხურიდან განვითარებულ მოვლენებსა და მეტოქის საჯარიმოში შექმნილ არეულობას ალღო აუღო და ფილიპო ინძაგისეული გოლი გაიტანა.
ხვიჩა კვარაცხელია: მიქელანჯელო
მან ისეთი პასები არიგა, რენესანსის ეპოქის ფრესკები გაგახსენდებოდა. მე-20 წუთზე ვერტიკალური დერეფანი შეამჩნია და უმეთვალყურეოდ დარჩენილ რასპადორის მიაწოდა პასი. ცოტა ხანში პოლიტანოს ბურთი ისეთ პოზიციაში გადააწოდა, რომ მას კარში შეგდების მეტი არაფერი სჭირდებოდა. ის მეტოქეებს გამანადგურებელი სიმსუბუქით უსხლტებოდა. მისმა ნიჭმა განაპირობა ლოსანოს გოლი (2:1) და რასაკვირველია ოსიმენის დამაგვირგვინებელი დარტყმის (3:2) თანაავტორი იყო.
მატეო პოლიტანო: ჰორიზონტი დაკარგა
სერიოზული შეცდომა დაუშვა 27-ე წუთზე, როდესაც კვარაცხელიას პასის წყალობით ლურჯ-წითლების საჯარიმოს შუაგულში მარტო დარჩა და ფაქტობრივად პენალტიდან საყოველთაო იმედგაცრუება გამოიწვია — ბურთი ლამის ტრიბუნაზე ააგდო. ის ფეხებში ეჩხირებოდა რასპადორის. სპალეტიმ ამ სურათს 45 წუთი გაუძლო და პოლიტანო გამოცვალა.
ალექს მერეტი: ძილი ნებისა
მერეტი პირველი 45 წუთის განმავლობაში ტურისტი იყო, მეორე ტაიმის მე-6 წუთზე კი მუსა ბაროუს შორეულ დარტყმულს მძინარე შეხვდა. ბურთი მეკარის წინ დავარდა, მან კი მოუხერხებელი მოძრაობა გააკეთა და ვერ დაიჭირა. შემდეგ კი იყო ღრმა ძილი. „ნაპოლის” საბედნიეროდ, მას კიდევ ორი უხეში შეცდომა შერჩა.