რაგბის ქომაგმა რამაზ უკლებამ მოიძია თვალსაწიერიდან 9 წლით გამქრალი „სარბიელის“ სინი და თითბერისგან ვეტერანი მორაგბე-მოქანდეკე გია ჯაფარიძის მიერ ამოჭრილი ჯილდო საქართველოს რაგბის კავშირს გადასცა.
„სარბიელის“ სინს 27 წლის ისტორია აქვს. 1995-ში ჩვენის გაზეთში მომუშავე რაგბის მემატიანე ზაალ გიგინეიშვილმა ქართულ სარაგბო რეალობაში ახალზელანდიურო „რანფერლის ფარის“ ანალოგიის შემოტანის ინიციატივა გამოიჩნა. „სარბიელმა“ გია ჯაფარიძეს სინის დამზადება შეუკვეთა და ასე შეიქმნა ეს ისტორიული ჯილდო.
სინი თამაშდება მფლობელსა და მოცილეს შორის მატჩში, რომელიც ამავდროულად საქართველოს ჩემპიონატის მორიგი კალენდარულის ხასიათსაც ატარებს. ამიტომაც „სარბიელის“ სინის გასათამაშებლად რაგბის კავშირმა პარასკების შეხვედრა შეარჩია, რომელიც თბილისში „რაგბი პლატოზე“ 18 საათზე დაიწყება. „ყოჩები“ „ლელოს“ უმასპინძლებს.
რატომ „ყოჩები“ და „ლელო“? ჯერ ერთი, „ყოჩები“ სინის ბოლო, ანუ მოქმედი მფლობელია და 2013 წელს ამ გუნდმა სწორედ „ლელოს“ სძლია. მეორე კი ისაა, რომ რაგბის კავშირი სწორედ ამ მატჩს დაუდარაჯდა, რადგან ამ მეტოქეთა ყველა შეხვედრა პრინციპულ ხასიათს ატარებს. ფრის შემთხვევაში სინს მფლობელი ინარჩუნებს.
ყოველივე კი ჩვენი მეგობრის, ზაალ გიგინეიშვილის ნათელ ხსოვნას ეძღვნება – წლის დასაწყისში ზაალი კოვიდის პანდემიამ იმსხვერპლა…