25 წლის ქართველი კალათბურთელი ვილი ისიანი ბოლო 4 სეზონი NCAA-ს „დეტროიტ მერსიში“ რომ თამაშობდა ახალი სეზონიდან ესპანეთის რანგით მეორე საკალათბურთო ჩემპიონატის (LEB Oro) გუნდ „კასერესში“ ჩაირიცხა და ჩინებულადაც ათამაშდა. მისი დებიუტი 7 ოქტომბერს „ალმანსასთან“ (71:86) მატჩში შედგა. ვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მან პარკეტზე 29 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.
მომდევნო შეხვედრაში „კასერესი“ 11 ოქტომბერს, სტუმრად “ოვიედოს” შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 3 ქულით 71:68 მოუგო. ვილი ისიანი ამ შეხვედრაშიც დამაჯერებელი გახლდათ. მართალია მატჩი სასტარტოში არ დაუწყია, თუმც მან 23 წუთი ითამაშა, რა დროშიც 4 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა და პასი მიითვალა და თანაგუნდელთაგან ერთ-ერთი გამორჩეული იყო. მოკლედ, ამ ბიჭის პროგრესი უკვე აშკარად თვალშისაცემია და კარგი იქნება ეროვნული გუნდის მწვრთნელების თვალთახედვის არეშიც თუ მოხვდება. მით უმეტეს, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ნაკრებს ახალი სისხლიც სჭირდება.