„ნაპოლიმ” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დამთავრებამდე ორი ტურით ადრე მერვედფინალში გასვლა გაინაღდა, მაგრამ მარტო ეს არ არის მთავარი. მან ევროპულ ფეხბურთთან საზღვარი გაავლო. მან ყველგან ყოველმხრივ კარგი ფეხბურთი ითამაშა და ყველას, ვინც კვარაცხელიას ვერ ამჩნევდა, იდიოტები ხართო, დაუძახა.
შეიცვალა, სტადიონი, გარემოება და ცხრილში გუნდების ადგილმდებარეობა; არ შეცვლილა მხოლოდ „ნაპოლის” შედეგი — მან ერთ კვირაში მეორედ გაანადგურა ისტორიული კლუბი „აიაქსი”. დღეს „სავარძელში” კვარაცხელია, ჟელინსკი, მატი ოლივერა და რასაკვირველია ლუჩანო სპალეტი ისხდნენ. სპალეტის გუნდი ისე თამაშობს, კლოპის „ლივერპული” რომ თამაშობდა საუკეთესო წლებში, აწეული თავით, ფორვარდებისთვის სივრცეების ძიებაში. ის თამაშობდა დინამიკურად, თამაშის წაკითხვით, საუცხოო ურთიერთგაგებით. მისი 4-3-3 ევროპულ ფეხბურთს ანგრევს. ერთადერთი, რაც გულს ხინჯად მოხვდა ანგისას ტრავმა იყო. ახლა ანგისა დაშავებულ რაჰმანის შეუერთდება, მაგრამ ეს ისეთი პრობლემაა, რომელსაც ვერც სხვები აარიდებენ თავს.
ამასობაში კი მოედანს ოსიმენი დაუბრუნდა და ეს ყველამ კარგად დავინახეთ: გოლს მოწყურებულმა ნიგერიელმა ანგარიში 4:2 გახადა. ოსიმენმა ძალიან კარგად იცოდა, რომ გუნდი კვლავ წინ უნდა გაეყვანა და საამისოდ ყველა და ყველაფერი შეეჭამა. ვიქტორი ბლინდს დაესხა თავს, წამი არ დაუტოვა (ამით იმის თქმა არ გვინდა, რომ ლოსანო აძლევდა ბლინდს დროს), გოლი გაიტანა, მაისურა გაიხადა და ნიღაბი მოიძრო.
და ასე გავეშებული იყო მთელი „ნაპოლი”, რომლის სიძლიერე უკვე აღარ იმალება. გუნდმა საუცხოოდ ითამაშა პირველ ტაიმში, თუმცა უნდა ითქვას, რომ ამაში „აიაქსმაც” შეუწყო ხელი. ამსტერდამელთა გუნდი ზედმეტ ყურადღებას აქცევს საკუთარ თავს და ნაკლებად სწავლობს მოწინააღმდეგეს. იქნებ ამის ბრალიცაა ნიდერლანდები დღემდე რომ არ არიან მსოფლიოს ჩემპიონები? მათი მიდგომაა: მთავარი ჩემი თამაშია, მე თავად გავაკეთებ ყველაფერს. არადა, 2022 წელს ფეხბურთში დიდი (თუ გადამწყვეტი არა) მნიშვნელობა აქვს როგორც დაცვაში ასევე თავდასხმაში უბურთოდ მოქმედებას. სწორედ ასე თამაშობს ისტორიაში ყველაზე კლოპიანური „ნაპოლი”, რომელიც რაღაცით იმ „დორტმუნდსაც” ჰგავს, 2013 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში რომ გავიდა. ეს არის ვერტიკალური, სწრაფი, გამრღვევი ფეხბურთი, რომლის საუცხოოდ მოპრიალებული ზედაპირი ინდივიდუალურობასაც მოიცავს.
კვარაცხელიაზე კი აბა რა უნდა ვილაპარაკოთ, მან ქუთუთოები ამოიტრიალა და სანამ სანჩესი მოედანზე იყო, მის ფსიქიკურ ჯანმრთელობას არყევდა. დაუჯერებელია, რომ ვერავინ ახერხებს მის დაჭერას, არადა მისი მოქმედებები თითქოს მეტ-ნაკლებად ერთნაირია. ის ფეთქებადია, არჩევს დარტყმის მომენტს და ახასიათებს ტაქტიკური გონიერება, რაც დღევანდელ გარემარბებს დიდად პრემიერლიგაშიც კი (ალბათ, სალაჰისა და სონის გარდა) არ ახასიათებთ. ხვიჩა გადამწყვეტი, განმსაზღვრელი და დაუღალავი ფეხბურთელია. ეს სამი ზედსართავი სახელი წარმოუდგენლად აკლდა ნეაპოლის პუბლიკას, რომელიც მეტწილად კლასიკურ 9 ნომერს იყო მიჩვეული და არა ფლანგის მოთამაშეს (თუმცა, ჰყავდა ინსინიე, რომელიც ჯგუფს შეუცვლელად ლიდერობდა მთელი 10 წლის განმავლობაში). იგუაინით დაწყებული, კავანით გაგრძელებული და მერტენსით დამთავრებული, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მათი შემცვლელი იქნებოდა გარემარბი საქართველოდან. ეს ბიჭი მსოფლიომ შეიყვარა, ასეთი რამ კი ისტორიაში სულ რამდენჯერმე მოხდა…
…შემდეგ, როდესაც უპირატესობის შენარჩუნება გახდა საჭირო, მან (სპალეტიმ) ელმასი, პოლიტანო და გაეტანო გამოუშვა. ესეც დიდი ვაჟკაცობა იყო იტალიური ფეხბურთის ალბათ ყველაზე დაუფასებელი მწვრთნელის მხრიდან. ის იქცევა როგორც კლოპი, რადგან ბოლოდროინდელი ფეხბურთის ავან-ჩავანი იცის, რადგან კულტურული ადამიანია. ის ფარის უკან არ იმალება, ღირსეულად მიიწევს წინ. დღევანდელ მსოფლიოში, ასეთი რამ ყველა სფეროში ძნელი სანახავია.
მნიშვნელოვანი შენიშვნა ირვინგ ლოსანოს შესახებ: ის მთელი შეხვედრის განმავლობაში საუცხოო იყო. ბოლოს და ბოლოს მექსიკელს აღმოაჩნდა ენთუზიაზმი, რომელმაც მისი ფეხები უფრო სწრაფად აამუშავა.
დღეს ძნელია „ნაპოლის” წარმოდგენა გასაჭირში. თავს უეცარი ჩავარდნაც რომ დაატყდეს, ის რაც ახლა ხდება, სალაპარაკოდ დარჩება, მაგრამ პრობლემები აუცილებლად იქნება, რადგან წინ ტრავმები და დასანანი ეპიზოდები გველის. და სწორედ მაშინ გამოჩნდება გუნდის გონებრივი სიჯანსაღე. ჯერჯერობით დაღლილობა მხოლოდ ფეხებზე მოქმედებს, რაც მოსალოდნელი იყო, მაგრამ როდესაც ის ნერვებსაც დაარტყამს, სპლეტის ხელთ არსებული ახალი ხალხი იქნება გამოსაყვანი. საჭიროა საერთო მსხვერპლშეწირვისთვის მომზადებული გუნდი.
მატია ფელე. calcionapoli1926