„ნაპოლის” არაჩვეულებრივმა თამაშმა იტალიაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ლუჩანო სპალეტისა და მისი გუნდის შესახებ ყველა კონტექსტში ლაპარაკობენ. მსჯელობაში ჩართული წარსულში ცნობილი თავდამსხმელი ანტონიო კასანო, რომელიც მკვახე გამონათქვამებით გამოირჩევა, დიეგო მარადონას დროინდელ „ნაპოლის” გადაწვდა და თქვა, რომ 1980-იანი წლების მიწურულს, ორგზის ჩემპიონ გუნდში უვარგისი ფეხბურთელები თამაშობდნენ. კასანოს აზრით მაშინ მარადონამ უბრალოდ სასწაული მოახდინა. ამ სიტყვებმა ნეაპოლური კლუბის ვეტერანები გააბრაზა. დიეგოს დროინდელი ნეაპოლელებიდან პირველმა კასანოს „იუვენტუსსა” და იტალიის ნაკრებში თამაშით ცნობილმა ჩირო ფერარამ უპასუხა. მარადონას გამორჩეულმა მეგობარმა სოციალურ ქსელში დაწერა:
„გაუმარჯოს, ანტონიო! შენ ისეთ თემაზე ლაპარაკობ, რომელშიც ვერ ერკვევი და იმ ენაზე ლაპარაკობ, რომელიც კიდევ უფრო ცუდად იცი. 1987 წლის 10 მაისს, როდესაც პირველად გავხდით ჩემპიონები და „ნაპოლიმ” ისტორიაში პირველი სკუდეტო მოიპოვა, შენ 5 წლის იყავი და საწოვარა გქონდა. ჯობს მოკეტო. დიეგოს შენნაირი „ფენომენი” თავისთან გასახდელში არასდროს ენდომებოდა”.
კომენტარები ამაზე როგორ დასრულდებოდა. იმდროინდელი „ნაპოლის” კაპიტანმა ჯუზეპე ბრუსკოლოტიმ ფერარას მხარი აუბა: „კასანოს ნაირი ვინმე „ნაპოლის” გასახდელში სამი დღეც ვერ გაჩერდებოდა, რადგან მაშინ ყველაფერზე მნიშვნელოვანი ურთიერთპატივისცემა იყო”.
ვეტერანი მცველი ალესანდრო რენიკა: „ჩვენი „ნაპოლი” ძალიან ძლიერი გუნდი იყო. ცუდი ფეხბურთელები ჩემპიონის ტიტულს ვერასდროს მოიგებდნენ. კასანოს სიტყვები შეურაცხმყოფელია”.
იმდროინდელი „ნაპოლის” გენერალური მენეჯერი პიერ პაოლო მარინო: „რამდენიმე ფეხბურთელის შეძენაზე ძალიან ბევრი ვიწვალე. მათზე დიდი მოთხოვნა იყო”.
ცნობილი თავდამსხმელი ანდრეა კარნევალე: „მაშინდელი „ნაპოლი” იყო ძალიან ძლიერი გუნდი, რომელშიც დიდი ფეხბურთელები და კაცები თამაშობდნენ. მარადონა ტორტზე მარწყვივით გახლდათ. სამწუხაროა, კასანომ ასეთი სისულელე რომ თქვა. ის ჩვენს გუნდში ვერ ითამაშებდა”.
და ბოლოს, ხმა დიეგო მარადონას ვაჟმა, დიეგო მარადონა უმცროსმაც აიმაღლა: „მამა ძალიან ბრაზდებოდა, როდესაც მის თანაგუნდელებზე ცუდად ლაპარაკობდნენ”.
მაგრამ კასანო რის კასანო იქნებოდა, ოპონენტებისთვის სიტყვა რომ შეერჩინა.
„დიეგო უცხოპლანეტელი იყო, არაამქვეყნიური. ჯიორდანო ძალიან ძლიერი გახლდათ, კარნევალე კი კარგი მოთამაშე. რაც შეეხებათ დანარჩენებს, ისინი საშუალო და ცუდი ფეხბურთელები ბრძანდებოდნენ”, — თქვა „რომას”, „რეალის”, „მილანის” „ინტერის” და სხვა ცნობილი გუნდების ყოფილმა თავდამსხმელმა, რომელმაც განსაკუთრებით ფერარას შეუტია:
„მისი ნათქვამი ძალიან პირადულია. მოდი ფროიდზე ნუ ვილაპარაკებთ. რაც შეეხება „მოკეტეს”, მე მხოლოდ იმ შემთხვევაში ვჩუმდები, როდესაც ამას ჩემი შვილები მირჩევენ და არა ჩირო ფერარა. თუ ვინმემ უნდა მოკეტოს, სწორედ ის არის”.