ლუკა ლოჩოშვილმა რასპადორის არაფერი დაუთმო

სერია A-ს მე-9 ტურში ქართული დაპირისპირება გაიმართა — ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ” ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” უმასპინძლა. შეხვედრა მოსალოდნელი შედეგით, ძლიერ ნეაპოლელთა გამარჯვებით დამთავრდა, თუმცა, მასპინძელთა კაპიტანმა მატეო ბიანკეტიმ თქვა, რომ ანგარიში 1:4 იმ სურათს, რაც მოედანზე იყო ობიექტურად არ ასახავს. ბინკეტის მიაჩნია, რომ მატჩი 1:2 უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ბოლო 10 წუთში დაშვებული ინდივიდუალური შეცდომების გამო ტაბლოზე გადაჭარბებული ანგარიში დაფიქსირდა.

ბიაკენტი ის მცველია, რომელმაც პირველ ტაიმში კვარაცხელია წააქცია, რის გამოც „კრემონეზეს” კარში პენალტი დაინიშნა. მან თქვა: „მე მსაჯს უკვე ვუთხარი ჩემი შეხედულება. კონტაქტი იმდენად ოდნავი იყო, რომ თავად ვერც კი ვიგრძენი წესიერად. მსაჯს არ უნდა დაესტვინა. მაქსიმუმ, თუ ეჭვი გაუჩნდა, VAR-ზე თავად უნდა ენახა. ჩემი აზრით და ყველა იმ ადამიანის აზრით, ვინც ჯერჯერობით ვნახე, ეს პენალტი არ იყო”.

ასე იყო თუ ისე, მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, ხოლო „ნაპოლიმ” 4:1 მოიგო. ჩვენთვის კი მთავარი ის არის, რომ კრემონელთა ქართველმა მცველმა ლოჩოშვილმა ძალიან კარგად ითამაშა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლუკას ნაქებ ჯაკომო რასპადორისთან უწევდა ბრძოლა, რასპადორიმ კი მოედანი 73-ე წუთზე გოლის გარეშე დატოვა.

ამრიგად, „ნაპოლიმ” ისტორიაში პირველად მოიგო ერთ სეზონში, ყველა შეჯიბრებაში, ზედიზედ 8 თამაში. „კორიერე დელო სპორტს” მიაჩნია, რომ ეს შემთხვევითი ამბავი არ არის და ბოლო სამი ჩემპიონატის პირველ ცხრა ტურს იხსენებს. სტატისტიკა ამბობს, რომ სამივე წელიწადს „აძურიმ” ცხრიდან შვიდი მოიგო ანუ ეს ტენდენციაა.

საინტერესოა, რომ მიმდინარე სეზონში ნეაპოლელთაგან გოლი თორმეტმა ფეხბურთელმა გაიტანა, რაც იტალიური გაზეთის აზრით პირადად ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებაა. კვარამ სერია A-ში ხუთი გოლი თვითონ გაიტანა, ორ შემთხვევაში კი საგოლე პასი ჩააწოდა. აქ მოპოვებულ ორ პენალტზე არ არის ლაპარაკი.

calcionapoli1926-მა „კრემონეზესთან” შეხვედრაში ყველაზე მაღალი შეფასება სწორედ კვარაცხელიას დაუწერა — 7. ასევე შეფასდა ჯოვანი სიმეონეც, მაგრამ ის მოედანზე მეორე ტაიმში, 57-ე წუთზე შევიდა.

ზემოთ ვახსენეთ, რომ ანგარიში კვარაცხელიას მოპოვებული პენალტით მატეო პოლიტანომ 26-ე წუთზე გახსნა. მეორე ტაიმში, 47-ე წუთზე კრემონელმა ნიგერიელმა სირიელ დესერსმა გაქვითა, მაგრამ 76-ეზე სიმეონემ მარიო რუის პასით, 90+3 წუთზე ირვინგ ლოსანომ ხვიჩას პასით და 90+5 წუთზე მატიას ოლივერამ ჯოვანი დი ლორენცოს პასით ანგარიში 4:1 გახადეს.

ცხრა ტურის შემდეგ „ნაპოლი” სერია A-ს ცხრილში პირველ ადგილზეა. ის ორი ქულით უსწრებს „ატალანტას”.

„კრემონეზე” 3 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა.

შემდეგ ტურში „ნაპოლი” „ბოლონიას” მასპინძლობს, ხოლო „კრემონეზე” კი მე-15 ადგილზე მყოფ „სპეციას” ესტუმრება.