No description available.საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ბურჯმა გიორგი მელიქიძემ ზედიზედ მეორე მატჩში მოახერხა ლელოს გატანა, თანაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასპინძის სარაგბო სკოლაში აღზრდილმა მოთამაშემ, ვისაც მეგობრები „ასპინძას“ უწოდებენ, ერთბაშად ორჯერ დაალელოვა მეტოქე გუნდი.

მისმა „სტად ფრანსემ“ „პერპინიანს“ უმასპინძლა და სასტიკი მარცხიც აგემა – 52:3. მელიქიძემ პარიზელთა მეორე და მესამე ლელოები შესაბამისად მე-10 და მე-19 წუთებზე გაიტანა და ამით მასპინძლებს ბონუს-ქულა დაუბევა. ორივე ლელო მელიქიძის ფიზიკური ძალის, დიდი წონისა და ამავდროულად საოცარი მობილურობის შედეგია. „აიღე და მიეძალე“ ყველა გუნდის არსენალშია, მაგრამ ასპინძელი პარიზელი ბოლო დროს ამ მხრივ საოცრებებს სჩადის. ზემოთ ჩამოთვლილ თვისებებს საკუთარი ძალების რწმენაც დაემატა და გიორგი უბრალოდ შეუჩერებელი გახდა.

No description available.ყოველივე არა მხოლოდ „სარბიელის“, არამედ მთელი ფრანგული სარაგბო თემის აზრია. ნებისმიერ სხვა კლუბში მელიქიძე დიდი ხნის წინ გაიხსნებოდა, მაგრამ საქმე ის იყო, რომ 2015 წლიდან მოყოლებული, „სტად ფრანსეს“ ძირითად 3 ნომრად სამოელი სუპერვარსკვლავი პოლ ალო-ემილე მიიჩნევა, ტოპ 14-ის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ბურჯი. მელიქიძეს კი ძირითადად მის შემცვლელად უწევდა თამაში. თანაც, 30 წლის კუნძულელი ფიზიკურად ისეა მომზადებული, რომ არაერთხელ 80-ვე წუთი უთამაშია და გიორგის ძირითადად 10-15 წუთი რჩებოდა ხოლმე.

ჰოდა, პარიზელთა სამოელმა ვარსკვლავმა მძიმე ტრავმა მიიღო და კლუბმა ბაზარზე თავისუფალი მარჯვენა ბურჯის ძებნა დაიწყო. ამასობაში ძირითადში დაწინაურებულმა ქართველმა თამაშის ისეთი ხარისხი დადო, რომ ეს პრობლემა თავისთავად მოგვარდა და „სტად ფრანსე“ აგერ უკვე მე-5 ადგილზე ავიდა!

„ასპინძას“ ეს აღმასვლა „მიდი ოლიმპიკმაც“ დაუფასა, რომელმაც ბორჯღალოსანი ბურჯი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

მელიქიძე 53-ე წუთზე შეცვალეს, 49-ეზე კი თამაშში ამომავალი ვარკვლავი სერგო აბრამიშვილი ჩაერთო. კატალონიელთა შორის სასტარტო 51 წუთი გიორგი თეთრაშვილმა ითამაშა.

კიდევ ერთი ქართული ლელო „ლიონში“ გავიდა – ბექა საღინაძემ დავით ნინიაშვილის მიერ წამოწყებული იერიში ბორდოელთა ჩათვლის მოედანზე ბურთიანად შერბენით დაასრულა. „ლიონმა“ 36:21 იმარჯვა და მისმა ქართველებმა შეუცვლელად ითამაშეს. ლექსო ყაულაშვილმა სტუმართა შორის ბოლო 25 წუთი ირაგბა.

კასტრი – მონპელიე 26:13. ლევან ჩილაჩავამ ბოლო 20 წუთი ითამაშა, გელა აფრასიძემ – 80-ვე, 10-წუთიანი სინბინის ჩათვლით.

„ბაიონი“ – „ლა როშელი“  29:13. კოტე მიქაუტაძემ ბოლო 14 წუთი ითამაშა. რასინგ-92 – პო 26:13. ბექა გორგაძემ შეუცვლელად ითამაშა, გურამ პაპიძემ – 48-ე წუთიდან.

„ტულონი“ – „ბრივი“ 47:0. ბექა გიგაშვილმა საწყისი 49 წუთი ითამაშა. „ტულუზი“ – „კლერმონი“ 46:10. გიორგი ძმანაშვილმა პირველად ითამაშა „ვულკანების“ სასტარტოში და მოედანზე 52 წუთი დაჰყო.

დაბოლოს, როგორც იქნა, გიორგი კვესელაძემ მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა ინგლისის პრემიერშიფში. მისმა „გლოსტერმა“ „ბათსს“ სტუმრად 21:17 მოუგო, ხოლო „კვესო“ თამაშში პირველიდან ბოლო წუთამდე იყო.