No description available.წლების წინ საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატში ფრანგ თანატოლებს მოუგო და ისტორიაში პირველად გახდა კონტინენტის ჩემპიონი.

მას შემდეგ ეს ტურნირი საფრანგეთმაც დატოვა. მანამდე ერთი მეორის მიყოლებით ქართველ ჭაბუკების მზარდ ძალას ირლანდია, უელსი, ინგლისი, შოტლანდია და იტალია გაერიდნენ და ფრანგები გარკვეული დროის განმავლობაში პატარა ბორჯღალოსნების პროგრესის გზაზე დარჩნენ, მაგრამ ხსენებული მარცხის შემდეგ ისინი გამოეთიშნენ „რაგბი ევროპის“ ეგიდით გასამართ ამ ჩემპიონატს და ქართველებს თავისზე ბევრად სუსტებთან უწევთ ბრძოლა.

ცხადია, ეჭვგარეშე იყო, რომ ზურაბ ამონაშვილის მიერ გაწვრთნილი ბიჭები იოლად მოიგებდნენ მორიგ საჩემპიონო ტიტულს და ასეც მოხდა.

ჯერ იყო მეოთხედფინალი და 76:0 განადურებული ჩეხეთის U18. შემდეგ, ნახევრფინალში ბელგიელებს უფრო მწარედ მოხვდათ – 86:0!

ფინალში მეტოქე უფრო ღირსეული იყო – პორტუგალიის 18-წლამდელთა ნაკრები, რომელმაც საკმაოდ კარგი თამაში აჩვენა და რაც გააჩნდა, ყველაფერი გაიღო, მაგრამ კლასში სხვაობა მაინც შესამჩნევი იყო და ქართველებმა 34:10, იოლად მოიგეს.

ყველა მეტოქე პორტუგალიის დონისა რომ ყოფილიყო, კიდევ ჰო, მაგრამ როცა ევროპის ჩემპიონატი ჰქვია ტურნირს და ერთი გუნდი ორ კონკურენტს ჯამში 162 უპასუხო ქულას მიართმეს, ამ შეჯიბრების მომწყობებს რაღაცის შეცვლა მართებთ. მოკლედ, ტიერ 1-ს მიღმა საქართველოს კონკურენტი 18-წლამდელთა დონეზე ხომ არ ჰყავს და დროდადრო ზოგიერთი ბობოლაც რომ „შემოგველახება“, ეს ისე, არაფერია, სამაგიეროდ ამ 0:86-ის მერე იგივე ბელგიაში უფრო მეტს იშრომებენ, რომ გაისად ათიოდე ქულით ნაკლები გაუშვან. ალბათ ასეთია ევროპული რაგბის მამების ლოგიკა მაგრამ ჩვენ ამით რა ხეირი?..

No description available.

მესამე ადგილი ესპანეთმა დაიკავა, რომელმაც საწყალ ბელგიას 40:6 მოუგო. მე-5 ადგილის ფინალში ნიდერლანდებმა გერმანია 27:8 დაამარცხა დაბოლოს, რუმინეთმა დასკვნითი მატჩიც სამარცხვინოდ ჩაატარა – ჩეხეთს მე-7 ადგილი დაუთმო (8:10). ეს იმის მაგალითია, თუ რა შეიძლება დაემართოს სარაგბო ქვეყანას სტიმულისა და პერსპექტივის არარსებობის პირობებში.

2022 წლის ჩემპიონატი იმით იყო გამორჩეული, რომ ის საქათველოში გაიმართა, ფინალს კი რუსთავის სარაგბო სტადიონმა უმასპინძლა და ყოველივე, ცხადია, უმაღლეს დონეზე გაკეთდა. უბრალოდ, მონაწილეთა დონემ დატოვა უკეთესის სურვილი, თორემ საქართველოს U18 შეუდარებელი იყო. პატარა ბორჯღალოსნებს გაუმარჯოს!