დღეს, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეს” სტუმრობს. დაიწერა, რომ კვარაცხელიამ ამ შეხვედრაში შეიძლება არ ითამაშოს, ყოველ შემთხვევაში სასტარტო შემადგენლობაში, რადგან „აიაქსთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ფეხი ატკინეს და არ არის გამორიცხული ლუჩანო სპალეტიმ დაასვენოს. მეორე მხრივ, ისიც ითქვა, რომ ხვიჩა მოედანზე იქნება. თავის მხრივ სპალეტიმ ბუნდოვნად განაცხადა, რომ ხვიჩამ და კიდევ ერთმა დაშავებულმა პიოტრ ჟელინსკიმ კარგად ივარჯიშეს, ოღონდ როტაცია გამორიცხული არ არის.
კვარაცხელიას სერია A-ს 8 ტურში 5 გოლი აქვს გატანილი. „ნაპოლის” მაისურით თავის სადებიუტო 10 შეხვედრაში 8 გოლი აქვს შეგდებული ურუგვაელ ედინსონ კავანის, რომელმაც თავი 2010-11 წლების სეზონში გამოიჩინა. ეს ნეაპოლელთა ისტორიაში ყველაზე ეფექტურ დასაწყისად ითვლება. დღეს კავანი „ვალენსიაში” გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელია, კვარაცხელიას კი მისი რეკორდის გაუმჯობესება შეუძლია.
ნეაპოლელები ჩემპიონატის ბოლო 12 შეხვედრაში არ დამარცხებულან. ბოლოს მათ წინა სეზონში, 24 აპრილს წააგეს „ემპოლისთან” 2:3. გარდა ამისა, გუნდს შეუძლია სეზონის პირველ 9 შეხვედრაში 7 თამაში მოიგოს, თან ეს შედეგი ზედიზედ მესამედ გაიმეოროს.
თუკი ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები ორ გოლს გაიტანენ, გახდებიან მეშვიდე იტალიური კლუბი, რომელმაც 3500-იან საზღვარს გადააბიჯა.
რაც შეეხება „ნაპოლისა” და „კრემონეზეს” დაპირისპირებას: ნეაპოლელებმა კრემონელებთან ბოლოს 1994 წლის 11 სექტემბერს წააგეს 0:2. ეს კრემონეში მოხდა. მას მერე ამ გუნდების ბოლო 7 შეხვედრაში „ნაპოლის” არ წაუგია. სამაგიეროდ, „გრიჯოროსი” ანუ „ნაცრისფერ-წითლები” პარტინოპეელებთან ჩემპიონატის ბოლო ორ მატჩში არ დამარცხებულან — ფრედ ითამაშეს.
სპალეტი რა შედეგები აქვს სერია A-ში ახალ აღზევებულ მეტოქეებთან? ბოლო 6 შემთხვევიდან სპალეტის გუნდებმა ასეთ მეტოქეებთან სამში ვერ გაიმარჯვეს.
ეს რაც შეეხებოდა სტატისტიკას. სხვა მხრივ, საყურადღებო ის არის, რომ „ნაპოლის” კვლავ არ ეყოლება ვიქტორ ოსეიმენი. მატჩისწინა პრეს კონფერენციაზე სპალეტიმ თქვა, რომ ბოლო სამედიცინო შემოწმების თანახმად ნიგერიელის თამაში ჯერ მიზანშეწონილი არ არის. „ჩვენ არ გავრისკავთ. ოსიმენი იმ დონეზე გვჭირდება, რა კლასის ფეხბურთელიც არის. ვნახოთ, შესაძლოა ოთხშაბათისთვის ჩავთვალოთ, რომ ის მზად არის”, — თქვა მწვრთნელმა და კმაყოფილებით დასძინა, რომ მისი ფეხბურთელები ეიფორიაში არ არიან. ისინი გვანან ბავშვებს, რომლებიც ძალიან ერთობიან.