საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის დივიზიონ პრო დ2-ის მე-6 ტურმა 2 ქართული ლელო მოგვიტანა. ორივე ბორჯღალოსნების ანგარიშზეა და ორივე მეტად ეფექტური გამოვიდა.
საქართველოს ნაკრებისა და „ბიარიცის“ მესამეხაზელმა თორნიკე ჯალაღონიამ სეზონში თავისი პირველი ლელო „მონტობანთან“ გასვლაზე 46:32 მოგებულ მატჩში გაიტანა. შეხვედრის 23-ე წუთზე თორნიკემ ბურთი შერკინებიდან გამოიტანა და 8 ნომრის საუკეთესო ტრადიციებში რამდენიმე მეტოქის ბოჭვებს თავი ცრუმოძრაობებითა და ხელისკვრით აუარა, ბოლოს ქართველი თითქოს შებოჭეს, მაგრამ სიჩქარეაკრეფილმა ბორჯღალოსანმა ერთბაშად სამი მცველის ბოჭვის მიუხედავად, მაინც მოახერხა ბურთის ზედ ალამთან დამიწება. ლელო იმდენად ლამაზი და ეფექტური გამოდგა, რომ მას ტაშით მონტობანური პუბლიკაც კი შეეგება.
თორნიკემ შეუცვლელად ითამაშა, ბასკთა სასტარტოში ასევე ლუკა ჭელიძეც იყო, რომელიც 48-ე წუთზე ლაშა ტაბიძემ შეცვალა, თუმცა ლუკას მე-17 წუთიდან 10 წუთის სინბინში გატარებამ მოუწია. მასპინძელთა შორის 42-ე წუთზე მირიან ბურდული გამოჩნდა.
რაც შეეხება ალანიას, მისმა „ორიაკმა“ აჟენში დიდი ანგარიშით წააგო – 20:43, სტუმართა ორი ლელოდან ერთ-ერთი კი სწორედ ახალგაზრდა ქართველმა 9 ნომერმა მიითვალა. თამაშის 58-ე წუთზე ორიაკელთა ერთ-ერთი იშვიათი შეტევისას დაინიშნა დერეფანი. თამაში „აჟენის“ ლელოს სიახლოვეს რაქში გადავიდა, საიდანაც ბურთის მალევე გამოტანას მიშიკოც აყვა და ოვალიანად ჩათვლის მოედანზე შეფრინდა. ჯალაღონიას დარად, ალანიამაც პირველი სეზონური ლელო გაიტანა.
ალანია 63-ე წუთზე შეცვალეს, მის გარდა კი „ორიაკის“ სასტარტოში კიდევ სამი ჩვენებური იყო. ლუკა ნიორაძე 64-ე წუთზე დაასვენეს, მანამდე კი, 51-ეზე სინბინში მიაბრძანეს. გიორგი ქართველიშვილს მინდვრის დატოვება 33-ე წუთზე მოუხდა, მაგრამ 76-ეზე ის თამაშში დააბრუნეს. ბექა შვანგირაძემ 80 წუთი სრულად ჩაატარა, გიორგი ჯავახიამ კი ბოლო 20 წუთი გაატარა მოედანზე.
„ბეზიე“ შინ „კოლომიესთან“ 17:20 დამარცხდა და სანუგეშო ბონუსს გამორჩა. მასპინძელთა შორის საწყისი 52 წუთი გიორგი ახალაძემ ითამაშა.
ლიდერთაგანმა „მონ-დე-მარსანმა“ „ანგულემს“ საკუთარ სტადიონზე 34:26 სძლია, რაშიც წვლილი ლაშა მაჭარაშვილმაც დაიდო პირველი ტაიმის სრულად ჩატარებით, ხოლო სტუმართა რიგებში 27-ე წუთზე შეცვლაზე ომარ ოდიშვილი შევიდა, რომელიც 7 წუთში გაასინბინეს და თამაშში მხოლოდ 71-ეზე დააბრუნეს.
„კარკასონმა“ შინ „მასისთან“ 17:20 წააგო და მის სასტარტოში სოსო ბეკოშვილმა პირველი ტაიმი ითამაშა, მეორე კი მის ნაცვლად ვახტანგ ახობაძემ ჩაატარა.
„ნევერმა“ შინ „რუანს“ 27:17 მოუგო. გამარჯევბულთა შორის შეუცვლელად ითამაშა ლადო ჩაჩანიძემ, ლაშა ჯაიანი თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო თორნიკე მატარაძე – 56-ეზე.