გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” პამპლონაში „ოსასუნა” დაამარცხა 2:1 და სტუმრად უიღბლობის ჯაჭვი გაწყვიტა — „მესტალიას” გარეთ ზედიზედ შვიდი შეხვედრიდან ერთიც არ მქონდა მოგებული. სათამაშო ინიციატივა მეტწილად მასპინძლებისა იყო, თუმცა მატჩი უფრო სამი წითელი ბარათით და ორი გაცუდებული პენალტით შემორჩება მეხსიერებას. სამი წითლიდან ორი „ოსასუნას” ფეხბურთელებმა მიიღეს, ერთი კი ვალენსიელმა მუკტარ დიაჰაბიმ, ისიც მსაჯის წამატებულ წუთებში, როდესაც უკვე შეცვლილი სათადარიგოთა სკამზე იჯდა და იქიდან ვერ მოისვენა.

ზემოთ გაცუდებული პენალტები ვახსენეთ. მასპინძელმა ჩიმი ავილამ 57-ე წუთზე მამარდაშვილის კარს ბურთი ძლიერ ააცილა, სტუმართა ყველაზე ცნობილმა ფეხბურთელმა ედინსონ კავანიმ კი კვლავ ვერ შეაგდო ახალ გუნდში თავისი პირველი გოლი — ხარიხას მოარტყა. სამაგიეროდ, კავანიმ მშვენიერი საგოლე პასი შეასრულა და ნიდერლანდელ ჯასტინ კლუივერტს გაატანინა.

„ღამურებისგან” მეორე გოლი დიაკაბიმ შეაგდო, „ოსასუნამ” კი 90+3 წუთზე ისარგებლა სტუმარი მცველების წამიერი უყურადღებობით და სერბმა დარკო ბრასანაცმა შეამცირა სხვაობა.

მატჩის შემდეგ „ვალენსიას” მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ თამაშით კმაყოფილება გამოთქვა, თავისი ფეხბურთელები შეაქო, თუმცა ილიაშ მორიბასა და დიაკაბიზე გაბრაზებული იყო: „პირველ ტაიმში, როდესაც ყვითელი ბარათი მაჩვენეს, მსაჯს ეგონა, რომ მას ვედავებოდი, არადა ილიაშს ვუჯავრდებოდი. ძალიან გამაბრაზა დიაკაბიმაც. 8 თამაშში ოთხი ყვითლის მიღება, აქედან ერთის მაშინ, როდესაც მოედანზე არ ხარ, მეტისმეტია”.

გიორგი მამარდაშვილმა ერთი დარტყმა მოიგერია, რამდენჯერმე კარგად გაისარჯა გამოსვლაზე, მეტწილად კი ფეხით უწევდა თამაში, რადგან თანაგუნდელები ბურთის წინ გადატანის კომბინაციებში რთავდნენ აქტიურად.

„ვალენსიას” შემდეგი თამაში მომდევნო შაბათს, 15 ოქტომბერს აქვს, „ელჩეს” მასპინძლობს.