საქართველოს ნაკრებისთვის, ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დღეც უმედლო გამოდგა… არადა, ორივე წონაში მედლის კანდიდატები ირჯებოდნენ.
73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ჩვენი ქვეყნის სახელს ყველანაირი ტიტულის მქონე ლაშა შავდათუაშვილი იცავდა. ჩვენებური პირველ წრეში თავისუფალი იყო, შემდეგ კი, შვეიცარიელ ნილს შტუმპსა და იტალიელ ჯოვანი ესპოზიტოს აჯობა, მაგრამ მეოთხედფინალში თავად დამარცხდა იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონ სოიჩი ჰაშიმოტოსთან. შავდათუაშვილმა რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ბრაზილიელ დანიელ კარნინთან დათმო და უმედლოდ დარჩა.
ანალოგიური გზა გაიარა ეთერ ლიპარტელიანმაც (57): პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორე წრეში სერბი მარიცა პესენიჩი იპონით დაამარცხა, მერვედფინალში იტალიელ ვერონიკა ტონიოლოს ხელის მტკივნეული ილეთით სძლია, მაგრამ მეოთხედფინალში ისიც იაპონელ ჰარუკა ფუნაბუკოსთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ჯესიკა კლიმკაიტთან იპონით წააგო.