ჩემპიონთა ლიგაში ამსტერდამში „აიაქსის” 6:1 განადგურების შემდეგ „ნაპოლის” მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თქვა:

„დღევანდელმა მატჩმა მე ერთადერთი სწორი და სამართლიანი დასკვნა გამომატანინა: ეს არ იყო თამაში, რომელიც შენს ცხოვრებას შეცვლის. მნიშვნელობა მხოლოდ ერთ რამეს აქვს, როგორ ითამაშე და ამ მხრივ კმაყოფილი ვარ. მაგრამ, როგორც კი შეხვედრა მთავრდება, იმწუთასვე შემდეგზე იწყებ ფიქრს. რადგან თუ არ მოიგებ, ტალღიდან ჩამოვარდები. საკმარისია ერთ შეხვედრაში დაკარგო ქულები და ცხრილში მყისიერად მეხუთე ან მეექვსე ადგილზე აღმოჩნდები.

ასე მაგალითად, „ტორინოსთან” რომ არ მოგვეგო, ქვემოთ ჩავინაცვლებდით, რადგან ყველა კონკურენტმა გაიმარჯვა. ახლა, კვირას „კრემონეზეს” ვხვდებით, რომელიც კარგი, მოტივირებული გუნდია და ეჭვი არ არის, ჩვენთან შესახვედრად საგანგებოდ ემზადება.

დღეს რთული თამაში გვქონდა. ჩვენ შევხვდით ძლიერ გუნდს, რომლისგანაც ბევრის სწავლა შეიძლება.

რაც შეეხება როტაციას. ვინც კარგად ივარჯიშებს, ყველასთვის მოინახება გუნდში ადგილი. კალენდარი ხომ მეტისმეტად გადატვირთულია. აუცილებლად გამოჩნდებიან ფეხბურთელები, რომლებსაც დასვენება დასჭირდებათ. თუმცა, ვიმეორებ, ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ როგორ ივარჯიშებს.

აქ 6:1-ის მოგება ადვილი საქმე არ არის. რა, არ მეტყობა რომ 6:1 მოვიგეთ? რომ შემეტყოს როგორ უნდა ვიქცეოდე? მე არ ვიცნობ ბიჭებს, რომელთა გვარებსაც მისახელებთ და დახასიათებას მთხოვთ (იცინის).

რა თქმა უნდა ძალიან გახარებული ვარ, მაგრამ უკვე შემდეგ თამაშზე უნდა ვიფიქრო, თორემ წინა გამარჯვებებს აზრი დაეკარგება”.