სამი თამაში, სამი მოგება. ერთი მეორეზე დამაჯერებელი. „ნაპოლი” იტალიასა და ევროპაში არ განსხვავდება: ის ჩემპიონთა ლიგაშიც მომაჯადოვებელია. ამსტერდამში „აიაქსის” დამარცხება ისტორიული იყო: მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში კუდუსმა გახსნა, „შუბოსნები” განადგურდნენ – 1:6. „ნაპოლის” ევროპულ თასზე ექვსი გოლი არასდროს გაუტანია.

გასაგებია, რომ „აიაქსს” საუკეთესო პერიოდი არ უდგას. მან ბოლო შეხვედრა არაფრისმთქმელ „გოუ ეჰედ იგლზთან” ფრედ დაასრულა, მაგრამ ამან ნეაპოლელთა გიჟური თამაში არ უნდა დაჩრდილოს. ისინი როგორც კი სივრცეს და თავიანთი ფეხბურთის თამაშის საშუალებას იხელთებდნენ, გამანადგურებლები ხდებოდნენ. ბრწყინვალე იყო ორი გოლის ავტორი რასპადორი და შეუჩერებელი კვარაცხელია, რომელიც იმის მიხედვით თუ რა დღეში აგდებს მოწინააღმდეგის დაცვას, სტეფ კარის შეგვიძლია შევადაროთ. გუნდის მენტალიტეტისთვის გვინდა შევაქოთ სპალეტი: როდესაც მეტოქე დაწინაურდა, „ნაპოლიმ” ისე განაგრძო თამაში, გეგონება არაფერი მომხდარიყო.

მატჩი. როდესაც ტეილორმა დაარტყა, ბურთი კუდუსს მოხვდა და მერეტის კარში შევარდა, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ საქმე ცუდად იყო. მაგრამ „ნაპოლი” მოქმედებდა სწრაფად და ძალიან ტექნიკურად. ამას დაემატა ის, რომ „აიაქსი” თავს ცუდად იცავდა. ოლივერამ (ასევე კარგად ითამაშა) რასპადორის ჩააწოდა და თავური გაატანინა. იგივე დინამიკა იყო, როდესაც კვარამ დი ლორენცოს ჩააწოდა საგოლე პასი. შემდეგ „აიაქსი” პირველი ტაიმის დასამთავრებლად განეწყო, მაგრამ მოხდა მნიშვნელოვანი რამ — პირველი ტაიმის ბოლო წამს სტუმრებმა მესამე გაიტანეს. ანგისამ ბურთი დაიბრუნა და ჟელინსკის ჰოლანდიელთა დაცვის სიცარიელეში შევარდნის შესაძლებლობა მისცა. პოლონელმა პასი დააფასა და გოლი შეაგდო, თუმცა მარჯვენა ფეხის წვივი დაებეჟა და შეცვალეს.

იმას, რომ გოლები მისწრებულ დროს გადიოდა, ჯეკ რასპადორი დაგისაბუთებთ: მეორე ნახევრის პირველივე მომენტში „აიაქსის” მეკარის პასვეერისა და ცენტრალური მცველის ბესეის უხეირო თამაშმა ანგისას „სასუოლოს” ყოფილი ფეხბურთელისთვის საგოლე პასის მიწოდების საშუალება მისცა. მაგრამ ამაზე არ დასრულებულა. ტადიჩის უხეშობით დაზარალებულმა კვარამ გაიტანა გოლი, რომელსაც აშკარად იმსახურებდა. რაც შეეხება სერბს, გაწბილებულმა კიდევ იუხეშა და ის მოედნიდან გააძევეს, რასაც ერთი ხნის შემდეგ სიმეონეს მორიგი გოლი მოჰყვა.

ბრწყინვალე „ნაპოლის” ცალი ფეხი უკვე შემდეგ ეტაპზე აქვს.

ლა გაძეტა დელო სპორტი