კვირას, 2 ოქტომბერს, „იუვენტუსი” „ბოლონიას” მასპინძლობს. ეს შეხვედრა „ბებერი ქალბატონისა” და იტალიის ნაკრების 35 წლის კაპიტნისთვის ლეონარდო ბონუჩისთვის ტურინელთა შემადგენლობაში 482-ე იქნება ანუ ის თამაშების რაოდენობით კლუბის ისტორიაში მეექვსე ფეხბურთელი გახდება. ბონუჩი ლეგენდარულ რობერტო ბეტეგას გაუტოლდება.
— როგორ გძინავთ მნიშვნელოვანი მატჩების წინ? — ჰკითხეს კაპიტანს ჟურნალისტებმა.
— გულწრფელად გეტყვით. ყოველთვის, როგორც თამაშის წინა ღამეს ასევე შუადღისას მშვიდად მძინავს. ერთადერთხელ მეძინა ცუდად, 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალის წინ. ჩემთვის ეს იყო დიდი შეჯიბრების პირველი ფინალი და ძალიან განვიცდიდი. დიდი შეცდომა მომივიდა, რადგან ემოციურად ის შეხვედრა წინა დღეს გადავიტანე. თამაში რომ დაიწყო, მთელი ადრენალინი უკვე დახარჯული მქონდა.
სულ ამას ვიმეორებ: საკუთარ შეცდომებზე უნდა ისწავლო. ერთხელ რომ შეგეშლება, მეორედ აღარ უნდა შეგეშალოს. მას მერე დიდი მატჩების წინ 7-8 საათი მშვიდად მძინავს.
— და რა ხდება ფინალის შემდეგ?
— ეს უკვე შედეგზეა დამოკიდებული. თუ გაიმარჯვებ, ძილის გატეხვის შესანიშნავი საბაბი გეძლევა, ხოლო თუ დამარცხდები ჯობს რაიმე აბი დალიო და ისე დაიძინო, რათა არ იფიქრო.
ლეონარდო ბონუჩი „იუვენტუსში” ჯერ 2010-17 წლებში თამაშობდა, შემდეგ ერთი სეზონი „მილანში” გაატარა, ხოლო 2018 წლის შემდეგ ისევ „იუვეშია”.