„ვალენსიას” კარს ისტორიულად ისეთი ხალხი იცავდა, წლობით, მყარად რომ იდგა თავის პოზიციაზე. 1980-იანებსა და 1990-იანების დასაწყისში ეს გახლდათ ხოსე მანუელ სემპერე (ის მხოლოდ სამი წლით ჩაანაცვლა ხოსე მანუელ ოჩოტორენამ); 1990-ების შუაში სემპერეს მემკვიდრე მოევლინა — ანდონი სუბისარეტა. მოგვიანებით ბასკი სანტიაგო კანისარესმა შეცვალა, რომელიც „ღამურების” კარს 90-იანების მიწურულიდან იცავდა. მისი ადგილი ცოტა ხნით ეკავა ანდრეს პალოპს. 2007-08 წლების სეზონიდან კი კანისარესი ვალენსიელთა იმდროინდელმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა დაითხოვა.
ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ 27 წლის განმავლობაში გუნდს ოთხი ძირითადი მეკარე ჰყავდა., ხოლო კანისარესის წასვლის შემდეგ გადაბმით ორ სეზონზე მეტხანს „მესტალიაზე” ვერავინ გაჩერდა. 2017-18 და 2018-19 წლებში ეს შეძლო ნეტომ, რომელმაც პირველ სეზონში 33, ხოლო მეორეში 34 მატჩი ჩაატარა; მანამდე 2014-15 და 2016-17 წლებში ასევე ორი სეზონი გაძლო დიეგო ალვესმა (37 და 33 მატჩი), თუმცა მან ეს გადაბმით ვერ მოახერხა, რადგან შუაში, 2015-16 წლების ჩემპიონატი ტრავმის გამო გამოტოვა.
ჩამოთვლილთა გარდა იყვნენ ძირითადად ერთსეზონიანი მეკარეები: ჰილდებრანდი, რენანი, სესარი, გუაიტა, სილესენი და ხაუმე.
და აი, „ვალენსიას” ეძლევა შანსი დაუბრუნდეს ტრადიციას და მართალია ჯერჯერობით ზურგზე 25 აწერია, ნამდვილი პირველი ნომერი იყოლიოს. ამ შანსს ჰქვია გიორგი მამარდაშვილი, რომელიც გუშინ 22 წლის გახდა. და რა ნიშანდობლივია, რომ მას ყოველდღიურად სწორედ ზემოთ ნახსენები ოჩოტორენა ავარჯიშებს.
გასულ სეზონში მამარდაშვილმა ყველაზე მეტი, 18 შეხვედრა ჩაატარა. სილესენმა ითამაშა 17-ჯერ, ხაუმემ კი ოთხჯერ. გატუზოსთვის ის ულაპარაკოდ პირველი მეკარეა. გიორგი ერთადერთია ვინც თანაგუნდელთაგან 540-ვე წუთი დაჰყო მოედანზე. გარდა ამისა მან კლუბთან 2027 წლამდე გააფორმა ახალი კონტრაქტი. და რაც მთავარია, ის ისე თამაშობს, რომ ბადებს რწმენას — „მესტალიზე” გამოჩნდა კაცი, რომელსაც შეუძლია ახალი ეპოქა შექმნას.
სხვა მეკარეებისგან განსხვავებით მამარდაშვილმა „ვალენსიას” კვერთხი 21 წლისამ შეიპყრო და კლუბიც მთლიანად ენდო — მის გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევრო დათქვა. შესაბამისად, შეიძლება გარისკვა და თქმა, რომ „ვალენსიას” ძელებს შორის გამოჩნდა კაცი, ვინც იქ დიდი ხნით დარჩება.
„მე მინდა აქ ბევრი წელიწადი გავატარო და გავიზარდო როგორც ფეხბურთელი. მინდა ბევრ შეხვედრაში ვითამაშო, ვიყო ამ პროექტის ნაწილი. „მესტალია” წარმოუდგენელია”, — თქვა მან რამდენიმე დღის წინ, როდესაც კლუბმა ახალი ხუთწლიანი ხელშეკრულება გაუფორმა.
ხულიან ბურხოსი; AS