„მაურიციო სარიმ „ლაციოსა” და „ნაპოლის” შეხვედრის შემდეგ მსაჯებზე რომ ილაპარაკა? იცით, მე მას დიდი ხანია ვიცნობ, ის ჩემსავით ტოსკანადან არის და გაზვიადება სჩვევია, მაგრამ მისმა მაშინდელმა სიტყვებმა გული მატკინა. იმედი მაქვს, რომ მომავალში ასეთ ფრაზებს აღარ მოვისმენ,” — თქვა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ოფისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე სერია A-სა და B-ში მსაჯების გამანაწილებელმა ინსტრუქტორმა ჯანლუკა როკიმ.
შეგახსენებთ, რომ 3 სექტემბერს, რომის ოლიმპიურ სტადიონზე ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ” „ლაციოს” 2:1 მოუგო. ნეაპოლელთაგან გოლები კიმმა და კვარაცხელიამ გაიტანეს. მატჩის შემდეგ „ლაციოს” თავკაცი მაურიციო სარი მსაჯობით უკმაყოფილო იყო, ბრაზს ვერ მალავდა. მან თქვა, რომ არბიტრებს ან კვალიფიკაცია აკლიათ ან ამ დღეს რაღაც B ვარიანტთან ჰქონდათ საქმე, ოღონდ ამაზე ფიქრიც არ მსურსო.
„ჩვენს მსაჯებზე რაც გინდა ის შეგიძლია თქვა, მაგრამ ფარული ზრახვების ქონას ვერ დააბრალებ, — თქვა როკიმ და დასძინა, — ყველაზე დელიკატური მომენტი მატჩის შემდეგ დგება. თუ თამაშიდან 12 საათის განმავლობაში მწვრთნელები თავს შეიკავებენ, ორშაბათს გულშემატკივრები სკანდალზე არ ილაპარაკებენ”.