ჩრდილო ირლანდიელ ჯონი ევანსი ნაკრებში მე-100 თამაშს ატარებდა, მაგრამ ზეიმი არ გამოუვიდა. ევანსს და მის თანაგუნდელებს საბერძნეთმა მოუგო 3:1. ამ შეხვედრის ანგარიშს ინტერესით ველოდით საქართველოში, რადგან მასზე იყო დამოკიდებული თუ ვინ შეგვხვდებოდა ერთა ლიგის ფორმატით ევრო 2024-ის შესარჩევის ნახევარფინალში. გაირკვა, რომ 2024 წლის მარტში საქართველო ყაზახეთს უმასპინძლებს, საბერძნეთი — თურქეთს, გამარჯვებულები კი ფინალში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ფინალის ადგილს წილისყრა განსაზღვრავს.
შეგახსენებთ, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საგზურს ტრადიციული შესარჩევი შეჯიბრების გავლით მოიპოვებს (წილისყრა 9 ოქტომბერს გაიმართება), მაშინ ყაზახებს ბულგარელებთან მოუწევთ ურთიერთობის გარკვევა, ხოლო ჩვენ ზემოთ ხსენებულ შეჯიბრებაში მონაწილეობას აღარ მივიღებთ.
ჩრდილო ირლანდია კი C ლიგიდან გასავარდნ ფლეი აუთს გადარჩა. მას მე-2 ჯგუფის მეორე შეხვედრის შედეგმა უშველა. კოსოვომ 5:1 მოუგო თემურ ქეცბაიას კვიპროსს, რის შედეგადაც ჩრდილო ირლანდიელებმა და კვიპროსელებმა ხუთ-ხუთი ქულა დააგროვეს, პირადი შეხვედრებითაც დაზავდნენ (0:0 და 2:2), გატანილ-გაშვებულთა საერთო შედეგით, კი უპირატესობა ჩრდილო ირლანდიელებს დარჩათ.
C დონეზე დარჩენისთვის ქეცბაიას შეგირდები საქართველოს აწ უკვე ყოფილ მეტოქეს, გიბრალტარს შეხვდებიან.