ერთა ლიგის C დონის მე-4 ჯგუფში, სადაც გამარჯვებულმა საქართველომ გიბრალტარში 2:1 მოიგო, რისთვისაც გვარიანი ძალისხმევა დასჭირდა, მეორე ადგილზე ბულგარეთი გავიდა. ბულგარელებმა სკოპიეში 1:0 მოუგეს ჩრდილოეთ მაკედონიას, რომლის მეორეობაშიც ალბათ ბევრს ეჭვი არ ეპარებოდა. ჩრდილოეთ მაკედონია ის გუნდია, რომელმაც ევრო 2020-ზე ითამაშა და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპიდან იტალია გააგდო.

მასპინძლები მე-13 წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ: ტოდორ ტოდოროვსკიმ მარინ პეტკოვის წინააღმდეგ ორი ფეხით ითამაშა, რისთვისაც პირდაპირი წითელი მიიღო. შეხვედრის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში, 50-ე წუთზე 25 წლის კირილ დესპოდოვმა გაიტანა.

მატჩის შემდეგ მაკედონიელთა მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ თქვა: „მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევმა (რომელშიც მაკედონიამ იტალია გააგდო) დიდი ხანია ჩაიარა, მაგრამ მოგვცა იმის რწმენა, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. მიუხედავად იმისა, რომ ტრავმებმა დაგვასუსტა, არ ვიყავით კარგ ფორმაში და ცალკეულ ფეხბურთელებს კლუბებში პრაქტიკა აკლიათ, ჩვენ დიდებულად ვითამაშეთ საქართველოში და დღესაც ათი კაცით სოლიდურ გუნდად გამოვჩნდით. ბიჭებმა გამარჯვების წყურვილი აჩვენეს. მე მათ ვერაფერს ვუსაყვედურებ. პოტენციალი აშკარაა. ახლა გარდამავალი პერიოდი გვაქვს, ახალგაზრდები გუნდს უნდა შეეჩვიონ. ამას დრო სჭირდება. მრავლისმეტყველია, როდესაც 15 წუთის შემდეგ კაცნაკლული რჩები და ასე თამაშობ.

საქართველოსთან შეხვედრამ გვაჩვენა, რომ ჩვენი ფეხბურთი სწრაფია და სახიფათო მომენტების შექმნა არ გვიჭირს. კვლავ ინდივიდუალური შეცდომები დავუშვით, მაგრამ მათ ზოგად სურათზე გავლენა ვერ ექნებათ. მეორე მხრივ, ფაქტია, რომ ვერ ვიგებთ და რეალიზაცია უნდა გამოსწორდეს. როგორ, არ ვიცი.

გოლები საქართველოსთანაც და ბულგარეთთანაც ყურადღების გაფანტვის გამო, კონტრშეტევით გავუშვით. იმედი მაქვს, რომ შემდეგ თვეებში ჩვენი ფეხბურთელები კარგ ფორმაში შევლენ. ვიმეორებ, ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ გოლები ვერ გავიტანეთ.

ტრაიკოვსკის გაძევების შესახებ: „წითელი ბარათი მეტისმეტი იყო. ტრაიკოვსკი ჯერ ბურთს შეეხო და შემდეგ ფეხბურთელს.