დიახ, ქართული რაგბის იმედმა და უკვე, გარკვეულწილად, სიამაყემ, ოციოდე წლის დავით ნინიაშვილმა მორიგი სპექტაკლი დადგა! მისი „ლიონისა“ და „სტად ფრანსეს“ მატჩი ხეირიანად გახურებულიც არ ყოფილა, როცა თავის ფრანგულ კარიერაში 15 ნომრის პოზიციაზე პირველად მოთამაშე ქართველმა უსწრაფეს შეტევას დაუდო სათავე და მისი დასრულებაც თავადვე მოახერხა!
ეს მესამე წუთზე მოხდა, მაგრამ რაც ოთხიოდე წუთში დაფიქსირდა, ამას აღარავინ ელოდა – „ლიონში იაპონიიდან მგეზავად და დამრტყმელად სულ ახლახან გადაბარგებულმა ზელანდიელმა ფლეტჩერ სმიტმა მარჯვენა ფლანგზე დანიშნული ჯარიმის შესრულება ნინიაშვილს დაუთმო და დათუნამ აქაც ივარგა!
როგორც აღმოჩნდა, ეს გამონაკლისი გახლდათ, რადგან ფლეტჩერმა შესაშური ჩუბინობა გამოავლინა მატჩის დარჩენილ დროში და თამაში 18 ქულით დაასრულა. აი, დავით ნინიაშვილი კი, ლელო-ჯარიმით არ შემოიფარგლა და შეხვედრის ბოლოსწინა წუთზე კიდევ ერთი უბრწყინვალესი ლელო გაიტანა, რომელმაც ლიონელები პარიზელთათვის მიუწვდომელები გახადა. 33:27 – ასეთი ანგარიშით დაასრულა „ლიონმა“ მატჩი, რომელიც დათუნა ნინიაშვილმა საკუთარ ბენეფისად აქცია!
ნინიაშვილმა, მიხვდებოდით, შეუცვლელად ითამაშა. ბექა საღინაძეც ლიონელთა სასტარტოში იყო და 58-ე წუთზე შეიცვალა, ხოლო პარიზელთა მარქაფიდან შეხვედრაში 35-ე წუთზე გიორგი მელიქიძე ჩაერთო, რომელიც შესვენებაზე რეზერვში დააბრუნეს და სრულფასოვან შეცვლაზე კი უკვე 53-ეზე შეუშვეს.
„პერპინიანმა“ სეზონში პირველი გამარჯვება „ტულონთან“ შეხვედრაში იზეიმა – 19:13. კატალონიელთა რიგებში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გიორგი თეთრაშვილი გამოჩნდა, რომელიც თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო, თუმცა მორიგი ტრავმის გამო მოედანი 27 წუთში დატოვა.
„ბაიონმა“ „ბორდოს“ უმასპინძლა და 20:15 დაამარცხა. ბასკთა შორის ბოლო 18 წუთი კოტე მიქაუტაძემ ითამაშა, ხოლო სტუმართა შემადგენლობაში 48-ე წუთზე ლექსო ყაულაშვილი გამოჩნდა.
„მონპელიემ“ „პოს“ ბონუსით, 43:17 მოუგო. გელა აფრასიძემ მასპინძლებში 57-ე წუთიდან ითამაშა, ხოლო გურამ პაპიძე ბასკთა შემადგენლობას 42- წუთზე შეემატა.
„ტულუზმა“ „რასინგს“ ასევე ბონუსით მოუგო – 37:10, პარიზელთა შორის კი 47-ე წუთზე გია ხარაიშვილი გამოჩნდა.
ტურის დასკვნითი მატჩი კი კლერმონში შედგა, სადაც ადგილობრივმა „ვულკანებმა“ ჩემპიონთა თასის მფლობელ „ლა როშელს“ უმასპინძლეს და 22:13 დაამარცხეს. ეს მატჩი ჩვენს ყურადღებას იმიტომ იპყრობდა, რომ აქ კლერმონელთა შემადგენლობაში… დუდუ ქუბრიაშვილის დებიუტი უნდა შემდგარიყო. სახელოვანმა ქართველმა ბურჯმა კარიერის განახლება გადაწყვიტა, რადგან მარჯვენა ბურჯების მწვავე დეფიციტში მოქცეული „კლერმონის“ შერკინების მწვრთნელმა, ლეგენდარულმა დავით ზირაქაშვილმა კლუბს სწორედ დუდუს აყვანა ურჩია. ასეც მოხდა, თუმცა „კლერმონის“ სასტარტო 3-მა ნომერმა, მოლდოველმა კრისტიან ოჟოვანმა ისე შთამბეჭდავად ითამაშა, რომ მწვრთნელებმა ქუბრიაშვილის დებიუტი სამომავლოდ გადადეს და 35 წლის ქართველი მარქაფაში დაუსაქმებელი დატოვეს.