იტალიური „ლა გაძეტა დელო სპორტი” სანაკრებო ორომტრიალის დღეებშიც არ ივიწყებს, რომ უქმეებზე სერია A-ს მატჩები განახლდება და „ნაპოლის” 43 დღეში 12 თამაშის ჩატარება მოუწევს. ასეთივე გადატვირთული კალენდარი ელით იმ გუნდებს, რომლებიც ევროთასებზე გამოდიან. ხსენებული 12 თამაშიდან 8 სერია A-ს კალენდრისა იქნება, ხოლო 4 ჩემპიონთა ლიგის კალენდრისა.
ნეაპოლელთათვის აგვისტო-სექტემბრის ფორმის შენარჩუნება და წარმატების წარმატებაზე მოპოვება ძნელი იქნება, მაგრამ მათი მიზანი სწორედ ეს არის. ლუჩანო სპალეტის როგორც მთელი გუნდის ასევე ცალკეული ფეხბურთელების კონდიციებზე ზრუნვა მოუწევს.
გაზეთის აზრით განსაკუთრებით ძნელი იქნება შაბათის მატჩი „ტორინოსთან”, ვინაიდან „ნაპოლის” 15 ფეხბურთელი სანაკრებო საქმეებზე მთელს მსოფლიოშია დაქსაქსული და კასტელ ვოლტურნოში დასასვენებლად, მოსამზადებლად და საექიმოდ ორიოდ დღე ექნებათ, მეტი არა.
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ვიქტორ ოსიმენის მდგომარეობა. გეხსომებათ, რომ „აძურის” ცენტრალურ თავდამსხმელს კუნთების პრობლემა აქვს. „ლივერპულთან” შეხვედრაში მას მდგომარეობა გაურთულდა და ბოლო მატჩებში მოედანზე ვეღარ გავიდა. სავარაუდოდ, სპალეტი არ გარისკავს და ნიგერიელს მხოლოდ 9 ოქტომბერს ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზესთან” შეხვედრაში, ისიც სათადარიგოთა სკამიდან დააწყებინებს. შესაძლოა, მწვრთნელმა კიდევ უფრო მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს და ფორვარდი 12 ოქტომბერს, „აიაქსთან” თამაშამდე დაასვენოს.
ლუჩანო სპალეტისთვის კარგი ახალი ამბავი გერმანელი დიეგო დემეს მზადყოფნაა. ის ნახევარმცველია, გამთამაშებელი და ლობოტკას შეცვლის ხოლმე. ნდომბელეს ექსპერიმენტმა არ გაამართლა, ფრანგს სხვა უნარები აქვს განვითარებული. დემე კი მწვრთნელს საშუალებას მისცემს ლობოტკა არ გადატვირთოს და დაასვენოს ხოლმე, თან ისე, რომ მოედანზე გამთამაშებელი შეინარჩუნოს. „ლაიფციგის” ყოფილი ნახევარმცველი „ნაპოლისთვის” ფრიად გამოსადეგი იქნება.
მატეო პოლიტანოს საქმე უფრო რთულად არის. მან „მილანთან” შეხვედრაში კოჭი იტკინა და როგორც ჩანს მყესიც ჩათრეულია. გარემარბს სრულ გამოჯანმრთელებამდე ალბათ სამი კვირა დასჭირდება. პოლიტანო უკეთეს შემთხვევაში 16 ოქტომბერს, „მარადონაზე”, „ბოლონიასთან” ითამაშებს.
თავდამსხმელების, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჯაკომო რასპადროის საქმე კარგად არის, ისინი ნაკრებებშიც ბრწყინავენ. დაცვის ცენტრში კი საქმე ცოტა გაურკვევლადაა: კორეიდან დაბრუნებული კიმი და კოსოვოდან დაბრუნებული რაჰმანი შესამოწმებლები იქნებიან. უკვე ცნობილია, რომ რაჰმანის კუნთის პრობლემა აქვს.
ოსტიგარდიც ნორვეგიის ნაკრებშია დაკავებული. ერთადერთი ცენტრალური მცველი, რომელიც კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე მშვიდად ვარჯიშობს და თანაგუნდელებს ელოდება ბრაზილიელი ჟუან ჟესუსია.