თუ დღეს გიბრალტარში საქართველოს ნაკრები მოიგებს, საბერძნეთი კი ხვალ, შინ, ჩრდილოეთ ირლანდიასთან ფრედ მაინც ითამაშებს, 2024 წლის მარტში, ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი ფლეი-ოფის ერთმატჩიან ნახევარფინალში საქართველო ყაზახეთს უმასპინძლებს. ერთა C ლიგის მე-3 ჯგუფის ბოლო შეხვედრაში, ლიდერმა ყაზახეთმა ბაქოში ვეღარ იყოჩაღა და 0:3 წააგო.

„ქორებად” წოდებული ყაზახების საქმე ცუდად მას მერე წავიდა, რაც 35-ე წუთზე ცენტრალურმა თავდამსხმელმა ნურალი ალიპმა სისულელე ჩაიდინა, მსაჯს თავი გააგდებინა და გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დატოვა. არადა, ყაზახებს ძალიან სურდათ წაგების გარეშე დაესრულებინათ ჯგუფი, სადაც მათ და აზერბაიჯანელებს გარდა სლოვაკები და ბელარუსებიც იყვნენ.

საინტერესოა, რომ თავიდან ყაზახები ყინჩად იყვნენ, ბურთს აგორებდნენ, უტევდნენ, მაგრამ მერე ალიპმა ჭკუა დაკარგა: უხეშობისთვის ყვითელი ბარათი მიიღო და იქვე მეტოქეს მუჯლუგუნიც უთავაზა, რისთვისაც გააძევეს. ამ ეპიზოდის ნახვა ქვემოთ, ვიდეოზე შეგიძლიათ.

უმცირესობაში დარჩენილი ყაზახები დაცვაში გამაგრდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში მასპინძლების შეტევებს მხოლოდ 20 წუთს გაუძლეს.