დაახლოებით ხუთი წლის წინ, „სან სიროზე”, „სკუადრა აძურამ” შვეიცარიასთან 0:0 ითამაშა და 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოხვდა. ეს იყო იტალიური ფეხბურთის სევდიანი დღე. და აი, ხუთი წლის შემდეგ მილანის სტადიონმა მასპინძლებს გაუღიმა — მათ ერთა ლიგის შეხვედრაში 1:0 მოუგეს ინგლისს, რითაც ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლისა და ფინალურ ოთხეულში მოხვედრის შანსი შეინარჩუნეს.
„კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ ამ შეხვედრის მარგალიტი იყო „ნაპოლის” თავდამსხმელი ჯაკომო რასპადორი, რომელიც ჩირო იმობილეს არყოფნაში „სასუოლოს” დროინდელ თანაკლუბელ ჯანლუკა სკამაკასთან ერთად ბრწყინვალედ ჩაჯდა რობერტო მანჩინის 3-5-2 განლაგებაში.
ინგლისელებთან შეხვედრაში რასპადორი გახლდათ იმ ცხრა იტალიელთაგან ერთ-ერთი, რომლებმაც შარშან „სკუადრა აძურასთვის” ტრიუმფალურ ევროპის ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა. „სან სიროზე” მას 10-ნომრიანი მაისურა ეცვა. ამ ნომრით ევრო 2020-ზე ინსინიე ბრწყინავდა და უნდა ითქვას, რომ „ნაპოლის” თავდამსხმელმა პასუხისმგებლობას ჩინებულად გაართვა თავი.
გოლი, რომელიც რასპადორიმ ინგლისს გაუტანა, მისთვის ეროვნულ გუნდში მეოთხე იყო. მანამდე 22 წლის თავდამსხმელმა თურქეთში, ამხანაგურ შეხვედრაში შეაგდო ორჯერ — ეს გახლდათ „აძურის” პირველი თამაში პალერმოში ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 წაგებისა და მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩენის შემდეგ.
ევრო 2020-ზე რასპადორი მხოლოდ 15 წუთით შეუშვეს მოედანზე. ეს ჯგუფურ ეტაპზე უელსის ნაკრების წინააღმდეგ მოხდა და მას მერე უნივერსალური თავდამსხმელი, რომელსაც სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში, ახალი იტალიის სახე გახდა. რასპადორის შეუძლია იყოს როგორც ცენტრ-ფორვარდი, ასევე მეორე თავდამსხმელი და გარემარბიც, თან ისე, რომ გოლის გატანის ალღო არ დაკარგოს.
„ნაპოლის” ვარსკვლავი მანჩინის ეპოქის ბომბარდირთა შორის ოთხი გოლით მეცხრე პოზიციაზე ამაღლდა. ნაკრებში მისი დებიუტი 2021 წლის ივნისში შედგა. დებიუტიდან ასეთსავე დროში გატანილი გოლებით ის გაუტოლდა იტალიური ფეხბურთის ისეთ ცნობილ ვეტერანებს, როგორებიც არიან ჯორჯო კინალია, მარიო კორსო, ფაბიო გროსო, ჯანკარლო დე სისტი, ვალენტინო მაცოლა და თავად მანჩინი. რაც შეეხება ნაკრებში გამოძახებულ ნეაპოლელებს, დროის ასეთსავე მონაკვეთში 4 გოლი ჰქონდა გატანილი ნიკოლო ბარელას, მაგრამ 18 თამაშიდან. რასპადორის ჯერ მხოლოდ 13-ჯერ აქვს „სკუადრა აძურაში” ნათამაშევი.
ინგლისთან ჯაკომო რასპადორის წარმატებული თამაში სასიხარულო ამბავი იყო ლუჩანო სპალეტისთვისაც, რომელმაც „სასუოლოს” ყოფილი ფორვარდი შემცვლელადაც მოსინჯა და სასტარტოშიც დააყენა. „ნაპოლის” შემადგენლობაში მან გამარჯვების გოლი გაუტანა „სპეციას”.