პრო დ2-ის მე-5 ტურში მონაწილეობა 15-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო. თავი ლელოთი ან სხვა შედეგიანი მოქმედებით არცერთს გამოუჩენია, თუმც ტური საკმაოდ საინტერესო გამოდგა და შედეგად ახალი ლიდერიც გამოკვეთა.
ზურა ჟვანიას „გრენობლმა“ მრავალქართველიან „ორიაკს“ უმასპინძლა და 17:9 დაამარცხა. ვეტერანი ბურჯი თამაშში 43-ე წუთზე გასინბინებული თანაამპლუელის ნაცვლად 10 წუთით ჩაერთო, 62-ეზე კი სრულფასოვან შეცვლაზე შევიდა. გიორგი ქართველიშვილი სტუმართა სასტარტოში იყო, 29-ეზე მოედანი ტვინის შერყევის პროტოკოლის გამო დატოვა, მაგრამ 55-ეზე დაბრუნდა და ბოლომდე ითამაშა. გიორგი ჯავახიამ პირველიდან 55-ე წუთამდე ითამაშა, თუმცა დაბრუნება მასაც მოუხდა – ბოლო 10 წუთით. ლუკა ნიორაძე შეცვლაზე პირველივე ტაიმში, 32-ე წუთზე შევიდა და ბოლომდე იდგა კვაჭის პოზიციაზე, გიორგი გოგოლაძემ და წინა ტურის სიმბოლურში მოხვედრილმა ბექა შვანგირაძემ შეუცვლელად ითამაშეს და ისე გამოვიდა, რომ მატჩის ბოლოს სათამაშო მოედანზე ერთბაშად 6 ქართველი იყო. „გრენობლმა“ კი 17 ქულა დააგროვა და ცხრილს სათავეში ჩაუდგა.
15 ქულით მეორე ადგილზე „ოიონაქსია“, რომელმაც „ნევერს“ შინ 23:6 მოუგო. სტუმართა სასტარტოში თორნიკე მატარაძე და ლადო ჩაჩანიძე იყვნენ. პირველი 56-ე წუთზე შეცვალეს, მეორე – 49-ეზე.
მესამეზე „ვანია“, რომელსაც 14 ქულა აქვს. ამდენივე ყოფილ ლიდერ „მონ-დე-მარსანს“ დარჩა, რომელიც „მონტობანმა“ 43:19 გაანადგურა და ბონუსიც მიიღო. ამ უკანასკნელის შემადგენლობაში ბოლო ნახევარი საათი ვეტერანმა მირიან ბურდულმა ითამაშა, ხოლო როცა ის მინდორზე შედიოდა, ზუსტად იმ დროს თამაში ლაშა მაჭარაშვილმა დატოვა, ვინც სტუმართა სასტარტო ბურჯი იყო.
„ანგულემმა“ საკუთარ მოედანზე „ბეზიეს“ 19:10 მოუგო, ომარ ოდიშვილმა ამ გამარჯვებაში 50-წუთიანი წვლილი შეიტანა და აქ მონტობანური ამბავი გამეორდა – როცა ომარი შეცვალეს, ზუსტად იმ დროს „ბეზიეს“ შემადგენლობაში ჟორჟი სალდაძე გამოჩნდა.
დაბოლოს, „ბიარიცმა“ „კარკასონი“ 32:23 დაამარცხა. თორნიკე ჯალაღონია ბასკთა სასტარტოში იყო და 62 წუთი ითამაშა, ლუკა ჭელიძემ მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა, ხოლო მასთან ერთად მარქაფაში მყოფი ლაშა ტაბიძე თამაშში არ ჩაურთავთ. კარკასონელთა სასტარტოში კი ვახტანგ ახობაძე იყო, რომელმაც თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ პირველად ითამაშა და მოედანი 46-ე წუთზე დატოვა.
აქვე იმასაც მოგახსენებთ, რომ ინგლისში, პრემიერშიფის თასზე „გლოსტერმა“ „ვუსტერი“ 49:21 გაანადგურა და გიორგი კვესელაძემ ამაში 80 წუთიანი წვლილი დაიდო, თუმცა ჩემპიონატში ქართველ შუამარბს ჯერაც არ უთამაშია.