31 წლის სენეგალელმა ვარსკვლავმა კალიდუ კულიბალიმ ფრანგულ სატელევიზიო შოუში Quotidien, აზრის დიპლომატიურად დალაგებაზე ფიქრით თავი არ შეიწუხა და იტალიელებს, უფრო ზუსტად კი ნეაპოლელებს აწყენინა. მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს „ჩელსიში” გადასვლამდე კულიბალი 8 წლის განმავლობაში „ნაპოლიში” თამაშობდა. საწყენი ფრაზა მცველმა სწორედ „ნაპოლიდან” „ჩელსიში” გადასვლის შესახებ საუბრისას თქვა.
„როდესაც „ჩელსიდან” დამირეკეს, ბევრი არ მიფიქრია. ჩვენ ხომ ვლაპარაკობთ ტოპ-კლუბზე, რომელიც მსოფლიოს ხუთ უძლიერესს შორისაა და დიდი ისტორია აქვს. ეს არის გუნდი, რომელიც იმარჯვებს და „ნაპოლიდან” „ჩელსიში” გადასვლა ჩემთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. ლონდონში ბედნიერი ვარ. თავიდან ცოტა გამიჭირდა, რადგან ცხოვრების სტილის შეცვლა მომიხდა. რვა წელიწადი ხომ ერთსა და იმავეს ვიყავი შეჩვეული. ყველაზე ძნელი სწორედ ეს იყო”, — თქვა კულიბალიმ.
Quotidien-თან საუბრის ზემოთ მოტანილი მონაკვეთი „ლა გაძეტა დელო სპორტმა” დაბეჭდა.