Robbert Lewandowski of Poland, Jurrien Timber of Holland during the UEFA Nations league match between Poland v Holland at the PGE Narodowy on...31 წლის ჰოლანდიელმა ვარსკვლავმა, „ლივერპულის” ცენტრალურმა მცველმა ვირჯილ ვან დაიკმა თქვა, რომ „აიაქსის” 21 წლის მცველის იურენ ტიმბერის ასაკში მასავით კარგად ვერ თამაშობდა. „მანჩესტერ იუნაიტედის” ახალ მწვრთნელს ერიკ ტენ ჰაგს ძალიან უნდოდა ტიმბერის „ოლდ ტრეფორდზე” გადაბირება, მაგრამ თავისი ყოფილი კლუბი ვერაფრით დაიყოლია.

ამ დღეებში ტიმბერი ნიდერლანდების ნაკრების შეკრებაზეა. ეჭვი არ არის, რომ „ორანიეს” თავკაცი ლუი ვან გაალი მას ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატზე წაიყვანს.

ეროვნული გუნდის კაპიტანმა ვან დაიკმა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ითვლება, თქვა: „მის ასაკში ასეთ დონესთან ახლოსაც არ ვიყავი. ქების სიტყვების მეტი არაფერი მეთქმის. იურენ ტიმბერი დიდებული ფეხბურთელი და პროფესიონალია. მას უდიდესი პოტენციალი აქვს. იმედი მაქვს, რომ კიდევ განვითარდება”.

თუკი ვან გაალი ტიმბერს მუნდიალზე სასტარტო შემადგენლობაში ათამაშებს, მას უდიდესი პასუხისმგებლობა დააწვება.

ვან დაიკმა განაგრძო: „ვფიქრობ, დღეს ჩვენს ნაკრებში ყველა ფეხბურთელმა ზედმიწევნით ზუსტად იცის თავისი ფუნქცია. მწვრთნელმა ყველას ყველაფერი მკაფიოდ აგვიხსნა. მოედანზეა თუ სათადარიგოთა სკამზე, ყველა პასუხისმგებლობას გრძნობს”.

ნიდერლანდების ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე A ჯგუფშია, სადაც მის გარდა არიან ყატარი, ეკვადორი და სენეგალი.

ერთა ლიგაში ნიდერლანდებმა ოთხშაბათს 2:0 მოუგეს პოლონეთს და დღეს ანუ კვირა საღამოს ბელგიას მასპინძლობენ.