No description available.გასული უქმეები წარმატებისმომტანი გამოდგა „რაგბი ევროპის“ სუპერთასისთვის მებრძოლი ქართული გუნდებისთვის.

შაბათს „ბათუმმა“ თავის მშობლიურ სტადიონზე „თელ ავივ ჰითს“ უმასპინძლა, რომელმაც ერთი კვირით ადრე ქუთაისში ქულები სრულიად ტურნირის უპირველეს ფავორიტ „შავ ლომს“ დააკარგვინა (25:25). ჰოდა, ამის გათვალისწინებით შექმნილი ნეგატიური მოლოდინი არ გამართლდა და ზღვისპირელებმა ძალიან სოლიდური ებრაული ფრენჩაიზი ფიზიკურად პირწმინდად დაჩაგრეს და ამ კომპონენტის ხარჯზე მოულოდნელი გამარჯვებაც იზეიმა.

ამინდი ბათუმში უკიდურესად არასარაგბო იყო – გადაუღებელი წვიმა და ალბიონურის მსგავსი ნისლი. ამ პირობებით ქართველებმა უკეთ ისარგებლეს, სამი ლელო გაიტანეს (საჯარიმო, ფუტკარაძე და შენგელია)ერთის წილ და დამსახურებული გამარჯვებაც იზეიმეს – 19:10.

No description available.კვირას კი, ქუთაისის „აია არენაზე“ „შავმა ლომმა „როუმენიან ვულვზს“ უმასპინძლა და პრემიალური ქულით, 43:21 დაამარცხა.

პირველმა ქართულმა ფრენჩაიზმა რუმინულს ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობა, 7 ლელო გაიტანა, რომელთაგან მხოლოდ სამს მოყვა ზუსტი გარდასახვა, თორემ „ლომის“ მონაგარი 50 ქულას გადააჭარბებდა. ეს იყო ერთადერთი, რაც აუგის თქმის საბაბს გვაძლევს – დამრტყმელებს ფეხით თამაშზე ბევრი აქვთ სამუშაო. 7 ლელო კი მართლაც შთამბეჭდავი შედეგია. თაფლაძემ, ქოიავამ, მამუკაშვილმა, ტაბუცაძემ, ივანიშვილმა და კახოიძემ ერთი მეორეზე უკეთესი ლელოები დადეს, ერთხელ კი საჯარიმო ლელო ჩაგვეთვალა. ამ ყველაფრის შედეგად „შავმა ლომმა“ სამი ტურის თავზე 12 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე მყოფ „ჰითს“ 6 ქულით უსწრებს, მესამეზე რუმინული ფრენჩაიზია 5 ქულით, ხოლო 4-ქულიანი „ბათუმი“ ცხრილის ფსკერზეა. წინ მეორე წრეა, რომელსაც „თელ ავივ ჰითი“ სრულად შინ, ისრაელში ჩაატარებს, რაც მას გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს.