ინგლისის ნაკრებმა იტალიასთან 0:1 წააგო და ერთა A ლიგიდან B ლიგაში გავარდა. იქ, სადაც მომავალ გათამაშებაში საქართველოს ნაკრები გამოვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ და ინგლისი შეიძლება თანაჯგუფელებიც კი გავხდეთ.
მაგრამ, მანამდე დიდი დროა. ინგლისელებს ჯერ ახლანდელმა იმედგაცრუებამ და მსოფლიოს მოახლოებული ჩემპიონატის შიშმა უნდა გაუაროთ. აგერ, რას კითხულობს „სანი”: კიდევ მოუთმენლად ელოდებით მსოფლიოს ჩემპიონატს? აკრავთ კედელზე კალენდარს, მისი მსვლელობისას რომ შეავსოთ? ყიდულობთ ნაკრების ამ საშინელ ახალ მაისურას? ალბათ, არა. არა, მას მერე, რაც ინგლისი ერთა ლიგის ჯგუფიდან ისე გავარდა, რომ ხუთიდან ერთი თამაშიც არ მოუგია და კომბინაციის შედეგად, სტანდარტულის გარეშე ერთი გოლიც არ გაუტანია”.
მაგრამ, ინგლისური პრესა რის ინგლისური პრესა იქნებოდა მწარე სიტყვა სხვაზეც რომ არ ეთქვა. გაზეთი წერს, რომ კორუმპირებულ და ამორალურ ჩემპიონატზე გამგზავრებამდე მათი ქვეყნის ნაკრებს ერთი თამაშიღა დარჩა, 26 სექტემბერს, შინ გერმანიასთან. აქ, „სანს” სურს შეგვახსენოს, რომ რომ მუნდიალი ყატარში ტარდება, ქვეყანაში, რომელმაც მისი მასპინძლობის უფლება ეშმაკმა უწყის როგორ მოიპოვა ან რა ცოდვის ტრიალით ააშენებინა ფაქტობრივად დამონებულ ემიგრანტ მუშებს სტადიონები.
„შესაძლოა ინგლისის ნაკრების მილიონერმა ფეხბურთელებმა დამატებით გადასახადების მნიშვნელოვან შემცირებას მიაღწიეს, მაგრამ გარეთ საუთგეიტის აქციები გირვანქა სტერლინგზე სწრაფად უფასურდება. „სამი ლომის” გუნდს არ ეყო იერსახე, მას სერიოზულად აკლდა სანახაობრიობა და ყარდა იმ შეხვედრაში, რომელიც ჯაკომო რასპადორის მიერ მეორე ტაიმში გატანილი გოლის წყალობით წააგო.
ინგლისელმა გულშემატკივრებმა ყველაზე მეტად მაშინ იხალისეს, როდესაც „სან სიროს” თავზე გამოჩნდა ქაღალდის თვითმფრინავი — სხვა მხრივ ფანები მოწყენილები ისხდნენ. თუმცა, საუთგეიტს შეუძლია გაიხსენოს ასეთივე სცენები 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წინა პერიოდიდან, როდესაც მის გუნდს აკრიტიკებდნენ, მან კი საკმაოდ კარგად ითამაშა”.
ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ 2018 წელს, რუსეთში, რომელიც სხვაზე არანაკლებ კორუმპირებული ქვეყანაა და ასევე ეშმაკმა უწყის რა მექანიზმებით მოიპოვა მუნდიალის მასპინძლობის უფლება, ინგლისმა მეოთხე ადგილი დაიკავა.
შემდეგ, „სანი” წერს, რომ ერთა ლიგაში ინგლისის ნაკრებმა ისე ცუდად ითამაშა, რომ ვერავის ექნება ირანის, აშშ-სა და უელსის ჯგუფიდან გასვლის დიდი იმედი.
„სან სიროზე”, რომელიც დანგრევისთვის არის განწირული, მაგრამ უდიდეს მისტიკას ატარებს, ინგლისის ნაკრებს თურმე 1939 წლის შემდეგ არ უთამაშია. რაც შეეხება გამარჯვებას, ინგლისელებს „სკუადრა აძურასთან” იტალიაში 1961 წლის შემდეგ არ მოუგიათ.
თავისი პრობლემები აქვს იტალიასაც, რომელმაც გუშინ კი მოიგო, ევროპის ჩემპიონიცაა, მაგრამ ინგლისისგან განსხვავებით, მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მიდის. მას შესარჩევი ფლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს მიერ ორჯერ დამარცხებულმა (ჯამში 5:0) ჩრდილოეთ მაკედონიამ მოუგო. ფინალში მაკედონიამ პორტუგალიასთან წააგო.