იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიაზე ლაპარაკი ერთი დღით არ წყდება. „კორიერე დელო სპორტმა” ამჯერად ცნობილი მენეჯერის, ყოფილი ფეხბურთელის, მწვრთნელის, ბიზნესმენისა სოციალურად წარმატებული პიროვნების პიეტრო ლო მონაკოს შეხედულება გამოაქვეყნა, რომელიც მან Vikonos Web Radio/Tv-სთან საუბარში გამოთქვა.
„კვარა ბრწყინვალე ფეხბურთელია, — თქვა ლო მონაკომ, — ის ტექნიკურად ძლიერია და ფანტაზიით აღსავსე. რაც ყველაზე მთავარია მას თამაში სიამოვნებს. ქართველს შეუძლია „ნაპოლის” ფანებს უდიდესი სიხარული მიანიჭოს. მათ მოსალოცად აქვთ საქმე.
„ნაპოლიმ” სეზონი გიჟურად დაიწყო. ახლა უნდა სცადოს ბოლომდე ასე გაიაროს. კაცმა რომ თქვას, მე არც მეგულება გუნდი, რომელიც მას რაიმეთი სჯობს. რასაკვირველია, ჩემპიონატის დამთავრებამდე ჯერ შორია და გზაზე უამრავი ხაფანგი იქნება დაგებული, მაგრამ ვფიქრობ „აძურიმ” დაღვინების გარკვეულ ეტაპს მიაღწია და ეს იმედით აღმავსებს”.
სანაკრებო წყვეტის შესახებ: „სანაკრებო წყვეტა ყოველთვის კითხვის ნიშნებს ბადებდა. განსაკუთრებით უცნაურია ახლანდელი წყვეტა, რადგან მან უჩვეულო დროს მოუწია. აქამდე, სეზონის ამ დროს, ნაკრებებს არ ათამაშებდნენ. ფაქტია, რომ ზოგი გუნდი კარგ ფორმაშია, ზოგიც ცუდში და გაჩერებამ შეიძლება სურათი შეცვალოს. „ნაპოლისთვის” მნიშვნელოვანი იქნება, თუ როგორ, რა განწყობით დაბრუნდებიან ფეხბურთელები კლუბში. ჩვენი ჩემპიონატი მსოფლიოში საუკეთესო არ არის, მაგრამ ერთ-ერთი ურთულესთაგანია და ნებისმიერი მეტოქე სახიფათოა. სიფრთხილე საჭირო. შემდეგი თამაში „ტორინოსთან” არის. „ბროწეულისფერებს” ჩინებული ინდივიდუალისტები ჰყავთ. ივან იურიჩის გუნდი გასპერინისას ჰგავს. „ნაპოლი” კი ამჟამად მეტისმეტად ექსპრესიულია და შემდეგი მატჩის ჩაგდების უფლება არ აქვს”.
მეკარე ალექს მერეტის შესახებ: „ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ჩანდა, ალექსის დიდი პოტენციალი. თან მეკარის როლი ძალიან სპეციფიკურია. მე მათ მარტოსულებს ვეძახი. ისინი მხოლოდ თავიათ სამყაროს ეკუთვნიან. კარი მათი სახლია. ძელებს შორის თავი შინაურულად უნდა იგრძნო, იქ საკუთარი ძალების უნდა გწამდეს. თუ სტაბილური არ ხარ, ბზარი გაგიჩნდება, მაგრამ თუ რეგულარულად და სტაბილურად დგახარ, ნებისმიერ სირთულეს დაძლევ”.