თომას ტუხელი „ჩელსიდან” გაუშვეს თუ არა, მყისვე დაიწყო ლაპარაკი იმის შესახებ, რომ 49 წლის გერმანელი შეიძლება მიუნხენის „ბაიერნს” ჩაუდგეს სათავეში. ამ ხმებს, რასაკვირველია, მოჰყვა მსჯელობა იმის შესახებაც, თუ ვის მიიწვევს ბავარიაში ტუხელი თუკი ის იულიან ნაგელსმანს შეცვლის.
როგორც ვარაუდობენ, ერთ-ერთი პირველი, ვის შეძენასაც „მაინცის”, „დორტმუნდის”, „პარი სენ ჟერმენისა” და დასავლეთ ლონდონელთა ყოფილი თავკაცი შეეცდება „ნაპოლის” მარჯვენა გარემარბი, 27 წლის მექსიკელი ირვინგ, მეტსახელად ჩაკი ლოსანოა.
ეს ვარაუდი გამოთქვა სოლიდურმა მედია-საშუალებამ, რომელსაც „ფოქს სპორტი” ჰქვია და რომელიც გვარწმუნებს, რომ ტუხელი „პაჩუკასა” და „ეინდჰოვენში” ნათამაშებ ლოსანოს ჯერ კიდევ „ჩელსიში” ეპატიჟებოდა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიში”, მარჯვენა ფრთაზე, სეზონის წინა ამხანაგურ შეხვედრებსა და პირველ ოფიციალურ მატჩებში ჩაკი ლოსანო თამაშობდა, მაგრამ ბოლო შეხვედრებში ლუჩანო სპალეტი მას 29 წლის მატეო პოლიტანოს ამჯობინებს.
აღსანიშნავია, რომ პოლიტანოს მარცხნივაც ეხერხება თამაში, მაგრამ ამ ფრთაზე „ნაპოლიში” დიდი კონკურენციაა, იქ ხვიჩა კვარაცხელია და ჩრდილო მაკედონიელი ელიფ ელმასი თამაშობენ.