„ვალენსიას” მთავარი მეკარის საკითხი მოგვარებული აქვს, გიორგი მამარდაშვილი კონკურენციის გარეშეა, მაგრამ ხაუმე დომენეკის ტრავმის გამო მეორე კაცის პრობლემა აწუხებს. ადრეც მოგახსენეთ, რომ „ღამურებმა” ვეტერან ბასკს იაგო ერერინს უხმეს. ერერინს ფეხბურთისთვის თავი რამდენიმე თვის დანებებული ჰქონდა და ამიტომ კლუბმა კონტრაქტის გაფორმება არ იჩქარა, დაკვირვებისთვის დრო დათქვა. ისე ჩანს, რომ ერერინი „ვალენსიას” მწვრთნელებზე დიდ შთაბეჭდილებას ვერ ახდენს, რადგან კლუბი მას კონტრაქტს ისევ არ სთავაზობს და პარალელურად ახალი ვარიანტების ძებნა გამოაცხადა.
ახალი ვარიანტი ორია: ფაბრისიო მარტინი(მთავარ ფოტოზე) და ხავი ხიმენესი. მარტინი ანუ უბრალოდ ფაბრი გამოცდილი გოლკიპერია, რომელსაც ერერინისგან განსხვავებით არაბეთსა და სხვა ეგზოტიკურ ქვეყნებში არ უმოგზაურია. ის ბოლოს ინგლისის პრემიერლიგაში, „ფულემში” თამაშობდა, სადაც მთავარი მეკარე არ იყო, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეს თუ არ ჩავთვლით უმაღლეს დონეზე ვარჯიშობდა. ფაბრი 34 წლისაა. მას ნათამაშები აქვს „მალიორკაში”, „ბეშიქთაშსა” და „დეპორტივოში”. კარიერის მწვერვალი 2016-18 წლებში თურქეთში ჰქონდა, სადაც ქვეყნის ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგაც კი დააჭაშნიკა. მას მერე საქმე კარგად აღარ აეწყო და მაღალ დონეზე თამაში ვეღარ მოხერხა.
გუშინ, „ტრიბუნა” დეპორტივამ დაწერა, რომ „ვალენსია” 35 წლის ხავი ხიმენესის ვარიანტსაც განიხილავს. ის ბოლოს უზბეკეთში „ტერმეზ სურხონში” თამაშობდა, რის შემდეგაც უგუნდოდ დარჩა. „ტერმეზ სურხონში” ხიმენესმა ორი თამაში ჩაატარა და მერე სკამზე დასვეს. ესპანეთში მას ნათამაშები აქვს „ელჩესა” და „ლევანტეში”. უფრო ხშირად სეგუნდა და სეგუნდა B დივიზიონებში თამაშობდა. 2015-16 წლების სეზონში ხიმენესი „ელჩეს” მთავარი მეკარე იყო და ეს მისი კარიერის საუკეთესო წელიწადი გახლდათ.