საქართველოს ნაკრებმა უშუალო კონკურენტ ჩრდილოეთ მაკედონიას 2:0 მოუგო და ერთა C ლიგის მეოთხე ჯგუფში ერთი ტურით ადრე პირველი ადგილი და ფლეი-ოფის საგზური გაინაღდა. საქართველო B ლიგაში აღზევდა.

ხვიჩა კვარაცხელია არ იყო „ნაპოლის“ ხვიჩა, თუმცა პირველი, ავტოგოლიც მის ჩაწოდებას მოჰყვა და მეორე ხომ თავად გაიტანა, ბუდუ ზივზივაძის ნაღვაწის შემდეგ. ერთი შესანიშნავი ხვიჩურიც დაარტყა და ბურთი სანტიმეტრებში ასცდა კარს.

თამაშის ბოლოს ლუჩანო სპალეტის სიტყვები გაგვახსენა, როცა თავის ნახევარზე ორჯერ დაკარგა ბურთი და მეტოქეს შეტევის საშუალება მისცა.

გიორგი მამარდაშვილმა ასაღები აიღო. ერთხელ სტეფან სპიროვსკის მზაკვრული დარტყმა მოიგერია პირველ ტაიმში; შემდეგ ენის ბარდის სახიფათო საჯარიმო.

ცხადია, მისალოცი ამბავია. ყოჩაღ ჩვენ ბიჭებს! ამ შესარჩევში მხოლოდ ერთხელ დაკარგეს ქულები ბულგარელებთან, დანარჩენი ოთხი მატჩი კი მოიგეს.

მაგრამ, ერთი რამ გვაშფოთებს, პირველ ნომრად თამაში რომ გვიჭირს, ეს ამჯერადაც დამტკიცდა. მოწინააღმდეგემ თავიდანვე აგრესიული ტაქტიკა აირჩია, მაღალი პრესინგი შემოგვთავაზა და პირველი 20-25 წუთი აშკარად გვაჯობა. თუმცა სახიფათო მომენტებამდე საქმე იშვიათად მიდიოდა.

ნახევარი საათის თავზე კი ჩვენები ცოტა ფერზე მოვიდნენ და ამას გოლიც მოჰყვა. ჯერ გიორგი აბურჯანიამ დაარტყა შორიდან და „რაიო ვალეკანოს“ მეკარე სტოლე დიმიტრიევსკიმ ბურთი კუთხურზე მოიგერია.

კუთხურს საჯარიმოს მარჯვენა ფრათზე კვარას აქტიურობა მოჰყვა. ხვიჩას ჩაწოდებული ბურთი „აბერდინის“ ნახევარმცველ მიოვსკის მოხვდა და კარში შევარდა. ანგარიში გაიხსნა.

შესვენების შემდეგ სისწრაფეებმა და შესაბამისად, შეცდომებმაც იმატა. ჩვენი მეორე გოლიც სტუმართა მცველის უყურადღებობას მოჰყვა. ზივზივაძემ ცენტრში აართვა მეტოქეს ბურთი, საჯარიმოში შეიჭრა და მარჯვნივ ჩამორბენილ კვარაცხელიას დაუგორა, ხვიჩამაც ვარდნაში შანსი არ დაუტოვა მეტოქეს.

ბურთის ფლობა 59% გახლდათ 41%-ზე, სტუმართა სასარგებლოდ.